ექსპერტები ორნიშნა ინფლაციაზე საუბრობენ

საქართველოში სამომხმარებლო ფასები აშკარად გაიზარდა, რასაც ოფიციალური სტრუქტურებიც არ მალავენ: სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2017 წლის იანვარში ინფლაციის დონემ წინა თვესთან შედარებით 2.9 % შეადგინა, ხოლო გასული წლის იანვრის თვესთან შედარებით სამომხმარებლო ფასების ინდექსი 3.9%-ით გაიზარდა. „საქსტატის“ ცნობით, ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ფასები გაიზარდა 4,2%-ით. ბოსტნეული და ბაღჩეული (22,4%), ფასები მომატებულია ხილისა და ყურძნის (8,9%), რძის, ყველისა და კვერცხის (3,1%), ზეთისა და ცხიმის (3,1%), თევზეულის (2,8%), ხორცისა და ხორცპროდუქტების (2,5%) ქვეჯგუფებზე.

ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 7,2%-ით და ამ ჯგუფის წვლილმა ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში 0,94 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასების მატება დაფიქსირდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (10,1%) და სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზეც (4,9%).

სპეციალისტების შეფასებით, ინფლაციის რეალურ და ოფიციალურ მონაცემებს შორის სხვაობა აშკარაა და თუ ასე გაგრძელდა, წელს შეიძლება ინფლაციის ორნიშნა მაჩვენებელიც მივიღოთ. ამის თაობაზე „ბიზნესპრესნიუსს“ ეკონომიკის ექსპერტი სოსო არჩვაძე ესაუბრა.

“ინფლაციის ზრდას რამდენიმე მიზეზი აქვს: ჯერ ერთი ის, რომ საქართველოს სამომხმარებლო ბაზარი დიდწილად იმპორტულ საქონელზეა დამოკიდებული. ლარის კურსის დაცემის გამო პროდუქციის იმპორტი გაძვირდა, ის რეზერვები, რაც გვქონდა, ამოწურულია და ქართულ ბაზარზე უკვე გაძვირებული პროდუქცია იყიდება. მნიშვნელოვანი ფაქტორია ისიც, რომ 1 იანვრიდან ძალაში შევიდა მომატებული აქციზის განაკვეთები ნავთობპროდუქტებზე, სიგარეტზე, ავტომობილებზე, მოსაკრებლები სათამაშო ბიზნესის ზოგიერთ სახეობაზე და ეს სერიოზულ გავლენას ახდენს ფასების საერთო დონეზე. ასე რომ, სახეზე გვაქვს რამდენიმე ნეგატიური ფაქტორის თანხვედრა და იმის იმედი, რომ ინფლაციის 4%-იანი მაჩვენებელი შენარჩუნდება, არ უნდა გვქონდეს. უფრო მეტიც, საკმაოდ მაღალია ალბათობა იმისა, რომ ინფლაცია ორნიშნა ზღვრულ მაჩვენებელს მიუახლოვდეს, ან გადალახოს კიდეც. საქართველოში ინფლაცია შეიძლება იყოს 7-8 პროცენტი, ან უფრო მეტიც”, - აღნიშნავს სოსო არჩვაძე.

მისი თქმით, დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ რამდენად გაძვირდება ნავთობი.

„თუკი საწვავზე ფასები გაიზრდება, ამან შეიძლება დომინოს პრინციპით იმოქმედოს და ყველა მნიშვნელოვანი პროდუქტის ფასზე მოახდინოს გავლენა. თუმცა, ჩვენ უნდა შევეგუოთ ცხოვრებას ფასების მატების პირობებში, ოღონდ ჩვენი შემოსავლები ფასების პარალელურად უნდა გაიზარდოს, მაშინ ეს პროცესი უმტკივნეულოდ ჩაივლის. ინფლაცია მთელი მსოფლიოსთვის დამახასიათებელი მოვლენაა. მაგალითად: ბოლო საუკუნის განმავლობაში დოლარი 19-ჯერ გაუფასურდა, ანუ დღეს 19 დოლარი გვჭირდება იმ საქონლის შესაძენად, რაც 1917 წელს 1 დოლარი ღირდა. ვგულისხმობ იმ პროდუქციას, რომელიც მაშინაც იყო ხმარებაში და დღესაც არის“, - ამბობს სოსო არჩვაძე.

ამ საკითხის შეფასება ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრის ხელმძღვანელ ირაკლი მაკალათიასაც ვთხოვეთ. მისი თქმით, ინფლაციის ორნიშნა მაჩვენებელს არც მთავრობა დაუშვებს და არც ეროვნული ბანკი, რადგან ისეთი ღონისძიებები ტარდება, რომელიც ორნიშნა ინფლაციას გამორიცხავს.

„მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ფასების ზრდას მრავალი ფაქტორი განაპირობებს, ინფლაციის ასეთი მაღალი დონე მაინც არ გვექნება. მიუხედავად იმისა, რომ ლარიზაციაც ხელს უწყობს ფასების ზრდას: კომპანიები, რომლებიც თავიანთ პროდუქციას დოლარში ყიდულობენ და ლარში ყიდიან, იძულებული ხდებიან ეს პროდუქცია გააძვირონ. ანალოგიურ მდგომარეობაში არიან იმპორტიორები, რომლებიც დოლარში ყიდულობენ პროდუქციას, ჩამოაქვთ და აქ ლარში ყიდიან, თანაც, იძულებული არიან სესხიც ლარში გამოიტანონ. მათ ძალიან უძვირდებათ პროდუქცია. ასე რომ, ლარიზაცია მომავალში აუცილებლად გამოიწვევს სამომხმარებლო ფასების ზრდას. მიუხედავად ყველაფრისა, ინფლაციის მაჩვენებელი 4-5%-ის ფარგლებში მაინც შენარჩუნდება იმის მიუხედავად, რომ უახლოეს თვეებში ფასების ზრდა მოსალოდნელია“, - აცხადებს ირაკლი მაკალათია.

„ბიზნესპრესნიუსი“ საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს - პაატა კვიჟინაძეს დაუკავშირდა. ბატონი პაატა მიიჩნევს, რომ შეშფოთების საფუძველი არ არსებობს.

„თავიდანვე ცნობილი იყო, რომ აქციზის გაზრდა რაღაც ნაწილში ინფლაციას გამოიწვევდა, მაგრამ ჩვენ კანონში ჩადებული გვაქვს 4%-იანი ინფლაცია, რაც სავსებით ნორმალურია და მიგვაჩნია, რომ ეს ნიშნული შენარჩუნდება. შეიძლება რაღაც განსხვავება იყოს, მაგრამ როგორც კანონშია მითითებული, საშუალო წლიური მაჩვენებელი 4%-ის ფარგლებში იქნება. ამჟამად ინფლაცია 3,9 %-ია ანუ ცოტა უფრო ნაკლებიც“, - აღნიშნავს პაატა კვიჟინაძე.

პარლამენტარის თქმით, ახლო მომავალში ლარის გაუფასურება შეჩერდება, რაც ინფლაციურ პროცესებსაც შეაჩერებს.

„ჩვენ მივიღეთ ზომები, რომ ლარის გაუფასურება აღარ გაგრძელდეს და ასეც იქნება, თუ რაღაც სასწაული არ მოხდება ჩვენს მეზობელ ქვეყნებში. ასე რომ, ჩვენს ქვეყანაში დაგეგმილზე მაღალ ინფლაციას არ ველოდებით. მკითხველს შევახსენებ, რომ რამდენიმე წლის წინ ინფლაციის მაჩვენებელი 14% იყო, შარშანწინ - 6%, ხოლო შარშან - 5%. იმის მიუხედავად, რომ ინფლაციის მაჩვენებელი ხშირად იცვლება, წელს ასეთ მკვეთრ მატებას არ ველოდებით. ბოლოს კი გეტყვით, რომ განსაკუთრებული არაფერი ხდება: რუსეთში, უკრაინაში, ბელორუსში, აზერბაიჯანში - ეროვნული ვალუტები ყველა ჩვენს მეზობელ ქვეყანაში გაუფასურდა და ინფლაციაც გაიზარდა, ჩვენ ამ ქვეყნებთან შედარებით უკეთესი მდგომარეობაც კი გვაქვს. რა თქმა უნდა, ეს ნუგეში არ არის, მაგრამ იმედს არ ვკარგავთ, რომ ეკონომიკური სიტუაცია საქართველოში თანდათან გაუმჯობესდება“, - აცხადებს პაატა კვიჟინაძე.

ხათუნა ჩიგოგიძე