დიმიტრი ქუმსიშვილმა ბელორუსის სამთავრობო დელეგაციასთან ორმხრივი თანამშრომლობის მიმართულებები განიხილა

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ბელორუსის რესპუბლიკის სამთავრობო დელეგაციის წევრებთან საქართველოსა და ბელორუსს შორის ორმხრივი ურთიერთობის ძირითადი მიმართულებები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილა.

ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ბელორუსის სამთავრობო დელეგაცია საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. მის შემადგენლობაში არიან მრეწველობის მინისტრის მოადგილე ალექსანდრ ოგოროდნიკოვი, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ანდრეი ევდოჩენკო და არქიტექტურისა და მშენებლობის მინისტრის მოადგილე დიმიტრი სემენკევიჩი.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ორმხრივი ურთიერთობის განვითარების ზრდად დინამიკაზე. გამოიკვეთა სტრატეგიული საკითხები, რომლებიც ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაღრმავებას. ითქვა, რომ დიდია პოტენციალი ორმხრივ ვაჭრობაში, სოფლის მეურნეობაში, ტრანსპორტში, მრეწველობაში და სხვა. ასევე ყურადღება გამახვილდა საქართველოს ტურისტულ ინდუსტრიით ბელორუსული ბიზნესის დაინტერესების საქმეში.

შეხვედრა ასევე დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა, საქართველოს ელჩი ბელორუსში დავით კოტარია და ბელორუსის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში მიხაილ მიატლიკოვი.