"ლარიზაცია საბოლოოდ ფასების ზრდას გამოიწვევს"

საქართველოში ფასების ზრდას მრავალი ფაქტორი განაპირობებს.

აღსანიშნავია, რომ ეკონომისტების ნაწილი ინფლაციის ერთ-ერთ მიზეზად ლარიზაციის პროცესსაც ასახელებს. მათი შეფასებით, ლარიზაცია ხელს უწყობს ფასების ზრდას, რადგან კომპანიები, რომლებიც თავიანთ პროდუქციას დოლარში ყიდულობენ და ლარში ყიდიან, იძულებული ხდებიან ეს პროდუქცია გააძვირონ. მათი შეფასებით, ლარიზაცია სამომხმარებლო ფასებს მომავალში კიდევ უფრო მეტად გაზრდის.

ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრის ხელძღვანელი - ირაკლი მაკალათია რამდენიმე ფაქტორს გამოყოფს, რის გამოც ლარიზაცია გაძვირებას იწვევს:

„ინფლაციაზე არაერთი ეკონომიკური პროცესი ახდენს გავლენას, მათ შორის ერთ-ერთი - ლარიზაციაა. კარგია, რომ ლარიზაცია საქართველოში დაგეგმილზე ნელი ტემპით მიმდინარეობს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ფასები უფრო მეტად გაიზრდებოდა. მოსახლეობაში აშკარად იგრძნობა უნდობლობა გალარების პროგრამისადმი, რის გამოც ძალიან ცოტაა მიმართვა ბანკებში. ეს იმის ბრალია, რომ ლარის სანდოობა მაღალი არ არის, იმიტომაც აირჩია ხალხმა დოლარი, რომ დოლარი უფრო საიმედო ვალუტაა. სახელმწიფო სტრუქტურებს ლარიზაციაზე კი არა, იმაზე უნდა ეფიქრათ, რომ ლარი სტაბილური გამხდარიყო, რადგან გაუფასურებულმა ლარმა მოსახლეობაში ნდობა კიდევ უფრო დაკარგა“, - აღნიშნავს ირაკლი მაკალათია.

ექსპერტის თქმით, ლარიზაცია ლარზე მოთხოვნას ზრდის, ეს კი - ფასების ზრდის მთავარი წყაროა.

„თუ ამ პროგრამის ზოგიერთი პუნქტი არ შეიცვალა, ფასების ზრდა გარდაუვალია, შეიძლება ეს არ იყოს ასტრონომიული მატება, მაგრამ მაინც მნიშვნელოვანი პროცესი იქნება. ნებისმიერი დარგის განვითარებისთვის კონკურენციაა საჭირო და როცა ბაზარზე ერთი გამყიდველი რჩება, ის აუცილებლად აძვირებს თავის პროდუქტს. ლარიზაციის შემთხვევაშიც ასე მოხდება: ქვეყანაში დარჩება ერთი ვალუტა ანუ ლარი და ეს აუცილებლად გააძვირებს ყველაფერს, რადგან ვალუტის მონოპოლიზება უარყოფითად აისახება ფასებზე. ამას ისიც ერთვის, რომ საქართველო იმპორტზე დამოკიდებული ქვეყანაა, შესაბამისად, ყველაზე მეტად გაძვირდება ისეთი პროდუქტები, რომელიც დოლარში იყიდება. პირველ რიგში ეს შეეხება ბინებს და უძრავ ქონებას: თუ მშენებელი ბინას ლარში გაყიდის, იძულებული გახდება, გააძვიროს, რომ ეროვნულ ვალუტასთან დაკავშირებული რისკები თავიდან აიცილოს. როდესაც ქვეყანაში მეტი ლარი იქნება, ხოლო ნაკლები - დოლარი, ეს იმას ნიშნავს, რომ დოლარის კურსი კიდევ უფრო გაიზრდება. კურსი თუ გაიზრდება, გაიზრდება იმპორტირებული პროდუქციის ფასიც, რაც საბოლოოდ ფასების ზრდას გამოიწვევს“, - აცხადებს ექსპერტი.

ირაკლი მაკალათია არ გამორიცხავს, რომ სესხებზე პროცენტიც გაიზარდოს.

„რადგან ეროვნული ბანკი რეფინანსირების განაკვეთის გაზრდას მომავალშიც გეგმავს, ეს თავისთავად გამოიწვევს სესხის პროცენტის აწევას. თუ ბიზნესმენი სესხს მაღალი პროცენტით გამოიტანს, გაუძვირდება იმ პროდუქტის ფასი, რასაც აწარმოებს, ან ყიდის და მისი პროდუქციაც გაძვირდება. თუ მთავრობას სურს, რომ მოსახლეობას მოთხოვნა ლარზე ჰქონდეს, ეროვნული ვალუტა უნდა გაამყაროს, საამისოდ ბევრი მექანიზმი არსებობს. რაც უფრო ნაკლებად ვიქნებით დამოკიდებული იმპორტზე, ეკონომიკაც განვითარდება და მოსახლეობა თავისთავად აირჩევს დაგროვების საშუალებად ეროვნულ ვალუტას“, - აღნიშნავს ირაკლი მაკალათია.

სპეციალისტების ნაწილი ამ მოსაზრებას ეჭვქვეშ აყენებს და მიიჩნევს, რომ ლარიზაცია ფასების ზრდასთან კავშირში არ არის. მათ შორისაა ანალიტიკოსი ვაჟა კაპანაძე.

„მე ამ მოსაზრებას ვერ გავიზიარებ, უფრო მეტიც, კარგი იქნებოდა ლარიზაცია უფრო სწრაფი ტემპით და წარმატებით განხორციელებულიყო. ლარიზაციის დაწყება აუცილებელი იყო, რადგან დეპოზიტების დოლარიზაციის კოეფიციენტმა კატასტროფულ მასშტაბს მიაღწია, თუმცა ამ პროცესს უფრო კომპლექსური ღონისძიებები უნდა მოჰყოლოდა მთავრობის და ეროვნული ბანკის მხრიდან: უნდა დაწყებულიყო მოკლევადიანი, საშუალოვადიანი და გრძელვადიანი პროგრამები, რაც ლარიზაციას კიდევ უფრო დააჩქარებდა და ხელს შეუწყობდა. რაც შეეხება ფასების ზრდას, ეს სწორედ ლარის კურსის ვარდნის შედეგია. კიდევ ერთი, საყურადღებო მოსაზრება უნდა გაგიზიაროთ: გასულ წლებში ლარის კურსი რომ იცვლებოდა, მაგრამ ფასებზე უმნიშვნელოდ აისახებოდა, ეს კითხვის ნიშანს არ გიჩენდათ? როგორც ჩანს, გარკვეულ სეგმენტებში მონოპოლიური მდგომარეობა იყო და ზოგიერთი იმპორტიორი საკმაოდ მაღალი მარჟით ჰყიდდა ამ პროდუქტებს, ამიტომ მათთვის კურსის ცვლილება ადვილი ასატანი იყო. ახლა კი, ქვეყანაში სულ სხვა მდგომარეობაა, რის გამოც, ფასების ზრდა 2016 წელს ლარის მკვეთრმა გაუფასურებამ გამოიწვია. საბედნიეროდ, ახლა ლარი გამყარებისკენ მიდის, როგორც ჩანს, ეროვნული ბანკი მიხვდა, რომ ლარის გაუფასურების პროცესი უნდა შეეჩერებინა. ამიტომ, ნაღდი ფულის მასა შეამცირა, ასევე შეამცირა რეფინანასირების სესხის განაკვეთი და ამ ყველაფერმა ერთად, ლარის გამყარება განაპირობა. გამოსავალი მხოლოდ ერთია: მოსახლეობამ უნდა დაინახოს, რომ ჩვენი ეროვნული ვალუტა მყარდება, ლარმა როგორღაც უნდა მოახერხოს და დაიბრუნოს დაკარგული ნდობა და დაგროვების ფუნქცია“, - აცხადებს ანალიტიკოსი.

ხათუნა ჩიგოგიძე