"ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში" საქართველოს პოზიციები გაუმჯობესდა

2017 წლის "ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში" საქართველოს პოზიციები გაუმჯობესდა და 23-ე პოზიციიდან 13-ზე დაწინაურდა.

Heritage Foundation-ის 2017 წლის „ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში“ საქართველო მსოფლიოს 180 ქვეყანას შორის 76,0 ქულით მე-13 პოზიციას იკავებს.

ეკონომიკური თავისუფლების მხრივ, საქართველო მეტწილად თავისუფალ ქვეყნებს შორის დასახელდა. ინდექსის თანახმად, რეგიონში საქართველო მეხუთე პოზიციაზეა ლუქსემბურგის წინ და დიდი ბრიტანეთის შემდეგ.

როგორც ინდექსშია აღნიშნული, ფინანსური დისციპლინისკენ გადადმული ნაბიჯებით საქართველოს ხელისუფლებამ შეინარჩუნა მძლავრი იმპულსი ეკონომიკური აქტივობის ლიბერალიზაციის კუთხით.

„სახელმწიფო ვალი და ბიუჯეტის დეფიციტი კონტროლქვეშაა. ღია ბაზრის პოლიტიკამ, რომელიც მხარდაჭერილია კონკურენტული დაბალი გადასახადებით და ეფექტურმა რეგულაციებმა ქვეყანაში ვაჭრობა და ინვესტიციები გაზარდა. ფართომასშტაბიანი პრივატიზაცია გაიზარდა, ანტიკორუფციულმა ძალისხმევამ კი შესამჩნევი შედეგები მოიტანა“, - ნათქვამია ინდექსში.

2017 წლის ინდექსში საქართველოს მდგომარეობა ქულების მხრივ 10-დან 4 კომპონენტში - საკუთრების უფლება, სამთავრობო ჩართულობა, ბიზნესის თავისუფლება და შრომითი თავისუფლება - გაუმჯობესდა, 3 კომპონენტში - მონეტარული თავისუფლება, სამთავრობო ხარჯები და საგადასახადო ტვირთი - გაუარესდა, ხოლო 5 კომპონენტში - სასამართლოს საქმიანობის ეფექტურობა, ფისკალური თავისუფლება, ვაჭრობის თავისუფლება, საინვესტიციო და ფინანსური თავისუფლება - უცვლელი დარჩა.

2017 წლის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის პირველ ხუთეულში არიან ჰონგ კონგი, სინგაპური, ახალი ზელანდია, შვეიცარია და ავსტრალია, რომლებიც ეკონომიკურად თავისუფალ ქვეყნებად დასახელდნენ.

ინდექსის ბოლო საფეხურებზე კი ერითრეა, კონგო, კუბა, ვენესუელა და ჩრდილოეთ კორეა არიან.