საფინანსო სექტორის ზედამხედველობის ფუნქცია ისევ ეროვნულ ბანკს დაუბრუნდება

მთავრობის სხდომაზე ჩვენ წარვადგინეთ ჯამში 17 კანონისგან შემდგარი პროექტი, რომელიც ითვალისწინებს საფინანსო სექტორის ზედამხედველობის ეროვნულ ბანკში დაბრუნებას , - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„როგორც ცნობილია, 2015 წელს პარლამენტმა მიიღო კანონპროექტებში ცვლილება, რომლის მიხედვით, საფინანსო სექტორის ზედამხედველობა უნდა გადასულიყო დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან, საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოსთან. ამის შემდეგ საკონსტიტიუციო სასამართლოში მოხდა აღნიშნული კანონპროექტების გასაჩივრება. ჩვენ რამდენიმეჯერ განვაცხადეთ, რომ ბოლო პერიოდში მომხდარი ცვლილებების შედეგად ვთვლიდით, რომ საფინანსო სექტორის ზედამხედველობა უნდა დაბრუნებულიყო ეროვნულ ბანკში. აქედან გამომდინარე, ჩვენ აღარ ველოდებით საკონსტიტუციო სასამართლოს მსჯელობას ამ საკითხზე და შესაბამისად, საქართველოს პარლამენტს წარვუდგენთ პირვანდელი სახით იმ კანონპროექტებს, რომელიც საფინანსო სექტორის ზედამხედველობას ეხება.

ამევე დროს მინდა განვაცხადო, რომ ვართ ძალიან აქტიურ პროცესში საერთაშორისო სავალუტო ფონდთან მოლაპარაკებებში, რომელთათვისაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანი და დადებითი მოვლენაა აღნიშნული გადაწყვეტილება “, - განაცხადა ქუმსიშვილმა.