ლაშა პაპაშვილი - სასიამოვნოა, რომ გვყავს ისეთი ეკონომიკის მინისტრი, რომელსაც ბიზნესის ესმის

ძალიან სასიამოვნო და ყველასთვის მისასალმებელია, რომ გვყავს ისეთი ეკონომიკის მინისტრი, რომელსაც ესმის ბიზნესის და ამითი ძალიან ბედნიერები ვართ ყველა , - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს ბიზნესასოციაციის ვიცე-პრეზიდენტმა, ბიზნესმენმა ლაშა პაპაშვილმა სასტუმრო „რედისონში“ განუცხადა, სადაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია საქართველოს ბიზნეს-ასოციაციის წევრებს შეხვდა.

”მთავრობის მიერ გაცხადებული ოთხწლიანი სწრაფი ეკონომიკური ზრდის პროგრამისთვის რა თქმა უნდა, მუდმივი პერმანენტული ცვლილებები და რეფორმები იქნება საჭირო”, - განაცხადა ლაშა პაპაშვილმა.

მისივე თქმით, შეხვედრაზე ბევრი თემა განიხილეს, მათ შორის საპენსიო რეფორმა, სასამართლო ქონების გადასახადი, კონკურენცია და ა.შ.

”ჩვენ უკვე დიდი ხანია ვამბობთ, რომ სასტუმრო ბიზნესში არის ადგილობრივი ქონების გადასახადი, იზრდება ტურიზმი, უნდა შევხვდეთ ბევრი სასტუმროთი, განსაკუთრებით რეგიონში და ინვესტორებს აინტერესებთ, როგორ იქნება ეს საკითხი. ჩვენი ზღვისპირა რეგიონი პრაქტიკულად 3 თვე მუშაობს. ბიზნესმენი იხდის მთელი წლის გადასახადს და მისთვის რთულია ამის გადახდა როცა სეზონი არაა, ამიტომ რაღაც მცურავი დონე უნდა იყოს ამ გადასახადის”, - განაცხადა ლაშა პაპაშვილმა.

მისივე თქმით, მინისტრის პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით არის ის, რომ მუშაობა მიმდინარეობს.

”მინისტრის პოზიციაა, რომ მუშაობენ ამაზე, მაგრამ მერამდენე წელია, 7-8 წელია, ამიტომ ჩვენ კრიტიკულები ვართ მათდამი და ვითხოვთ კონკრეტულ და მყისიერ გადაწყვეტილებას. მთავარია, რომ ჩვენ ვხედავთ მოტივს, რომ უნდა ეს გააკეთონ, მაგრამ სამუშაო ბევრია”, - განაცხადა ლაშა პაპაშვილმა.