10 უმსხვილესი ექსპორტიორი ქართული კომპანია

2016 წელს საქართველოდან განხორციელებულმა ექსპორტმა 2 113 739 600 დოლარი შეადგინა. ეს მაჩვენებელი 4%-ით ნაკლებია 2015 წლის მონაცემებთან შედარებით. ამავე პერიოდში ექსპორტმა რეექსპორტის გარეშე 1 658 000 000 დოლარი შეადგინა, რაც 1%-ით აღემატება წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს.

2016 წელს სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა და მთელი ექსპორტის 15% შეადგინა. თხილისა და სხვა კაკლის ექსპორტი მთლიანი ექსპორტის 9%-ს უდრიდა. მესამე ადგილზეა ფეროშენადნობების ჯგუფი, რომლის ექსპორტმა მთელი ექსპორტის 8 პროცენტი შეადგინა.

„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ 2016 წლის უმსხვილესი ექსპორტიორების ათეულს, რომელიც საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა მოგვაწოდა. ათეულში შემავალი კომპანიების უმეტესობა რეექსპორტს ეწევა ან მძიმე სამრეწველო სფეროს წარმომადგენლია.

„IDS ბორჯომი საქართველო“

კომპანია ექსპორტს ახორციელებს ჩრდილოეთ ევროპის 13, აზიის 9 ქვეყანაში და ამერიკაში. „IDS ბორჯომი საქართველოს“ პროდუქტებია ”ბორჯომი”, ”ლიკანი”, ”ბაკურიანი” და ”ბორჯომის წყაროები”.

მინერალური წყლის ისტორია საუკუნეების წინ დაიწყო. ბოთლში ჩამოსხმა კი თითქმის 2 საუკუნეა მიმდინარეობს. 1850 წელს გაშენდა მინერალური წყლების პარკი, ხოლო 1854 წელს დაიწყო პირველი ჩამომსხმელი ქარხნის მშენებლობა. სამხედრო ლაზარეთის აფთიაქარმა, ზახაროვმა ჩამოასხა მინერალური წყალი 1300 ოვალურ, ნახევარლიტრიან ბოთლებში და თბილისში გასაყიდად წაიღო.

“იბერია ბიზნეს ჯგუფი”

საქართველოში “იბერია ბიზნეს ჯგუფი” შემდეგი საავტომობილო ბრენდების ოფიციალური წარმომადგენელია: Volkswagen, Audi, Skoda Auto, Kia Motors, Renault, Mitsubishi Motors, Seat. 1999 წელს დაარსებული IBG წარმოადგენს საქართველოს ბაზარზე არსებულ ყველაზე დიდ საავტომობილო ჰოლდინგს, რომელიც მოიცავს, როგორც ახალი ავტომობილების გაყიდვას, ასევე ავტოსერვისს, ავტოსათადარიგო ნაწილებს, ზეთებს და საბურავებს. კომპანია აქტიურად მუშაობს რეექსპორტზე.

RMG Copper

კომპანია სპილენძის შემცველი მადნების მოპოვება-გადამუშავების შედეგად სპილენძის კონცენტრატს აწარმოებს. სპილენძის შემცველი მადნის მოპოვება ხდება მიწისქვეშა ან ღია წესით. შემდეგ მოპოვებული მადანი იმსხვრევა, იფქვება და ტექნოლოგიური გამდიდრების შედეგად გარდაიქმნება კონცენტრატად. მიღებული პროდუქცია კი ექსპორტზე გადის. 1975 წელს ბოლნისში დაარსებული საწარმო საქართველოს სრული ექსპორტის 10%-ს ახორციელებს.

RMG Gold

კომპანია ახორციელებს ძვირფასი ლითონების ამოკრეფას ოქროს შემცველი მეორადი კვარციტული მადნის გადამუშავების გზით. წარმოებულ პროდუქციას მსხვილი საერთაშორისო ტრეიდერული კომპანიები ყიდულობენ. გაწმენდის შედეგად მიღებული სუფთა ოქრო კი შემდგომში ლონდონის საფონდო ბირჟაზე იყიდება.

”ჯორჯიან მანგანეზი”

“ჯორჯიან მანგანეზი” საქართველოში სამ უმსხვილეს საწარმოს – “ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანას”, “ჭიათურმანგანუმსა” და “ვარციხე ჰესების კასკადს” ფლობს. მათგან ყველაზე აქტიური “ჭიათურმანგანუმია”, რომელიც ახორციელებს მანგანუმის მადნის კონცენტრატის მოპოვებას და გადამუშავებას ჭიათურისა და საჩხერის რაიონებში.

”ტოიოტა კავკასია და ცენტრალური აზია”

საქართველოს ავტოდილერებს შორის ერთ-ერთი მსხვილი კომპანია ”ტოიოტა კავკასია და ცენტრალური აზიაა”, რომელიც ადგილობრივ ბაზარზე პროდუქციისა და სერვისის მიწოდების პარალელურად, აქტიურად ახორციელებს რეექსპორტს. ”ტოიოტა” საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საავტომობილო ბრენდია.

„აჭარა ტექსტილე“

2008 წელს საქართველოში დაფუძნებული „აჭარა ტექსტილეს“ ძირითად საქმიანობას წარმოადგენს საფეიქრო მრეწველობა. კერძოდ, კომპანიის ფაბრიკები საქართველოში აწარმოებენ შემდეგი ბრენდების პროდუქციას: Nike, Puma, Lotto, Erima. აღნიშნული საქმიანობა ხორციელდება იმპორტის, ექსპორტის და შიდა გადამუშავების საბაჟო რეჟიმებში.

Caucasian Metals Terminal

Caucasian Metals Terminal 2013 წელს ჩამოყალიბდა. მისი საქმიანობა რეექსპორტია. ტერმინალის ტერიტორია მოიცავს 18000 კვ. მეტრს დახურული და ღია საწყობებით, წელიწადში 400 000 ტონა ტვირთის მოცულობის სიმძლავრით, თანამედროვე ტექნიკით. ტერმინალი ახორციელებს როგორც ნაყარი და გენერალური, ასევე საკონტეინერო ტვირთების გადამუშავებას.

”ფარმა ლოჯისტიკი”

„ფარმა ლოჯისტიკი“ 2013 წელს საქართველოში რეგისტრირებული კომპანიაა და მისი ოფისი ფოთში მდებარეობს. კომპანია ფარმაცევტული პროდუქციის რეექსპორტით არის დაკავებული.

”რუსთავის აზოტი”

საწარმო „აზოტი“ წარმოადგენს ამიერკავკასიაში მინერალური სასუქების მწარმოებელ ერთადერთ ქიმიურ საწარმოს. ასევე, საწარმოში მიმდინარეობს ამიაკის, ნატრიუმის ციანიდის, აზოტმჟავის, ამიაკის წყლის და სხვა პროდუქციის წარმოება.

საწარმო წარმოადგენს საქართველოს შიდა ბაზარზე და ამიერკავკასიის რესპუბლიკებში აზოტოვანი სასუქების ძირითად მიმწოდებელს. საწარმო ასევე ექსპორტს აწარმოებს საბერძნეთში, ისრაელში, იტალიაში, საფრანგეთში, ესპანეთში, თურქეთში, სირიაში, მაროკოსა და სხვა ქვეყნებში.

ნანა მღებრიშვილი