იანვარში ეკონომიკურმა ზრდამ 5,2% შეადგინა

წინასწარი მონაცემებით, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, იანვარში ეკონომიკურმა ზრდამ 5,2% შეადგინა. სტატისტიკის ეროვნული სამსახური 2017 წლის იანვარში ეკონომიკური ზრდის წინასწარ შეფასებას აქვეყნებს, რომლის თანახმადაც, წინასწარი შეფასებით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2017 წლის იანვარში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა 5,2 პროცენტი შეადგინა.

„2012 წლის იანვრიდან საქსტატი ყოველთვიურად აწარმოებს ეკონომიკის ზრდის ყოველთვიურ წინასწარ შეფასებებს, რომელიც იანგარიშება უწყებრივი სტატისტიკის (დღგ-ის გადამხდელი საწარმოების ბრუნვების, ფისკალური და მონეტარული მონაცემების) საფუძველზე. აღნიშნული შეფასებები წარმოადგენს საერთაშორისოდ მიღებულ პრაქტიკას, რომელსაც იყენებენ მოკლევადიანი წინასწარი ოპერატიული მონაცემების მისაღებად. იმ სფეროებში, სადაც ყოველთვიური მონაცემები (მაგალითად, სოფლის მეურნეობა, დაუკვირვებადი ეკონომიკის მოცულობა) არ მოიპოვება, შეფასება გაკეთებულია წინა პერიოდის მონაცემებზე დაყრდნობით. შესაბამისად, რეალური კვარტალური გაანგარიშებები შესაძლოა, განსხვავდებოდეს წინასწარი შეფასებისგან“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გარდა ამისა, საქსტატის ცნობით, ყოველთვიურად შესაძლებელია მოხდეს წინა თვეების დღგ-ის გადამხდელი საწარმოების ბრუნვების კორექტირება, რაც, შესაბამისად, რეალური ზრდის ყოველთვიური წინასწარი შეფასების მონაცემის კორექტირებასაც იწვევს.