„როგორც კი აპარატიდან გათიშავენ, ჩვენი საბანკო სისტემა დაინგრევა“

საქართველოში მოქმედ კომერციულ ბანკებს არაპროფილური საქმიანობა აკრძალული აქვთ. ეს პრინციპი კომერციული ბანკების შესახებ კანონის 30-ე მუხლში მკაცრად არის გაწერილი. ბანკებს, რომლებიც ამგვარ საქმიანობაში იყვნენ ჩართული, არაპროფილური აქტივები 2015 წლის 31 დეკემბრამდე უნდა დაეთმოთ - ასეთი იყო ორი წლის წინ ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება, თუმცა ქართველი ეკონომისტების უმეტესობა მიიჩნევს, რომ ეს რეგულაცია რეალურად დღესაც არ მუშაობს და ბანკები ფარულად, მაგრამ მაინც განაგრძობენ არაპროფილური აქტივების ფლობას. ქართულ პრესაში მრავალჯერ დაწერილა, რომ ბანკების მფლობელობაში არსებულ აქტივებს შორის ირიცხებოდა და ირიცხება საკრედიტო ორგანიზაციები, სადაზღვევო და საბროკერო კომპანიები, ფინანსური კორპორაციები, სამედიცინო კლინიკები და სხვა ტიპის ბიზნესი.

„ბიზნესპრესნიუსი“ამ საკითხთან დაკავშირებით თსუ-ს პროფესორს, ეკონომიკის აკადემიურ დოქტორს დავით ასლანიშვილს ესაუბრა.

- ის, რასაც არაპროფილური აქტივების გამიჯვნა ჰქვია, საქართველოში არ სრულდება. კომერციულ ბანკებსა და მათ ლობისტებს საზოგადოება შეცდომაში შეჰყავთ, როდესაც ამტკიცებენ, რომ თურმე საცოდავ ბანკის აქციონერებს არ უნდა ავუკრძალოთ სხვა ტიპის საქმიანობა. სხვათა შორის, 1990-იან წლებში და 2000-იანი წლების დასაწყისში ჩვენ გვქონდა კანონმდებლობა, რომლის საფუძველზეც ეს პრინციპი ძალიან კარგად სრულდებოდა და კომერციულ ბანკებს არაპროფილური აქტივების ფლობა მხოლოდ ქაღალდზე არ ეკრძალებოდათ. ბანკების მფლობელებს, მმართველებს, ან საკვანძო პოსტებზე მყოფებს და მათთან დაკავშირებულ კომპანიებს, ან ოჯახის წევრებს აკრძალული ჰქონდათ მონაწილეობა კომერციული ბანკის გარეთ არსებულ საქმეში და რაიმე ბიზნესის წარმოება. ახლა კი, ეს პრინციპი საერთოდ არავის ახსოვს.

-ბატონო დავით, რატომ ვერ ხერხდება ბანკების საქმიანობისგან არაპროფილური აქტივების გამიჯვნა?

-თუნდაც იმიტომ, რომ ფასიანი ქაღალდების კომისია არ არსებობს - ის საქართველოში 2006-2007 წლებში გაუქმდა, საფონდო ბაზარი ბანკებს ჯიბეში უდევთ, საბროკერო კომპანიები გაანადგურეს - ეს კომპანიები თვითონ არიან ბანკების ფილიალები. გამოდის, რომ ბოლო წლებში არაფერი შეცვლილა და არც არაფერი აუკრძალავთ. რეგულაციების გამკაცრება ნიშნავს აღვადგინოთ 1990-იან წლებში არსებული ის კანონმდებლობა, რაც საქართველოს უკვე ჰქონდა.

-თუმცა, იურიდიულად არცერთი ბანკი არ ფლობს არაპროფილურ აქტივებს.

-ეს იურიდიულად, რეალურად კი - თითქმის ყველა ბანკი ჩართულია ამ პროცესში: მათ არაფერი შეუცვლიათ, უბრალოდ, გვერდი აუარეს კანონში არსებულ უსუსურ ჩანაწერს და ჰოლდინგურ სტილზე გადავიდნენ. გადამალეს თავიანთი ქონება, ვიღაც-ვიღაცების სახელზე გადააფორმეს კომპანიები და ახლა ამბობენ, რომ მათ საერთოდ არა აქვთ შეხება რომელიმე ბანკთან. ეს ჰოლდინგური კომპანიები გატანილი აქვთ საზღვარგარეთ - ვირჯინიის კუნძულებზე თუ სხვაგან და საქართველოში ამ მოდელით ოპერირებენ. ბანკები როგორც ადრე ფლობდნენ, ისევ ისე ფლობენ ამ კომპანიებს, არ არის გამორიცხული, რომ მაღაზიები და რესტორნებიც ჰქონდეთ.

შედიან, გამოხრავენ ამა თუ იმ დარგს ბოლომდე, ან გაანადგურებენ ყველა კონკურენტს, მერე ამ ბიზნესს თვითონ იპყრობენ და ისიც ნელ-ნელა ნადგურდება. ასე მოიქცნენ სამშენებლო ბიზნესშიც, მაგრამ არ გაუმართლათ, რადგან უძრავი ქონების გამო ძალიან დიდი ფული დაკარგეს: ადრე 2 ათას დოლარზე რომ ადიოდა 1 კვ. მეტრი ფართობის ფასი, ახლა 500-600 დოლარია. იმიტომაც არიან მიერთებული რეფინანსირების სესხზე, როგორც სასუნთქ აპარატზე ... წესით, რეფინანსირების სესხი 150-160 მილიონზე მეტი არ უნდა იყოს ახლა კი 1,5 მილიარდს აღწევს. გამოდის, რომ მოსახლეობა ოლიგოპოლიის მსხვერპლია და ამ სიტუაციას ეროვნული ბანკი ვეღარ უმკლავდება, რადგან კომერციული ბანკები თავისი თავის ზედამხედველები არიან. როგორც კი მათ აპარატიდან გათიშავენ, ჩვენი საბანკო სისტემა დაინგრევა.

-დასავლეთის ქვეყნებში როგორ აგვარებენ ამ საკითხს?

- ამერიკაში 1930-იან წლებში ამოქმედდა გლას სტიგალის კანონი, რომელიც ბანკებს სხვა საქმიანობას უკრძალავდა. 1928-1929 წლებში ამ კანონის არქონამ გამოიწვია ის, რომ ამერიკაში კრიზისული სიტუაცია განვითარდა. მანამდე აშშ-ში დიდი ფული შევიდა, ბანკებმა გადაწყვიტეს ესარგებლათ თავიანთი რესურსით და უფრო მეტი მოგება მიეღოთ. მათ გამოიყენეს ანაბრების რესურსი, დეპოზიტები, რომლებიც დაზღვეული არ იყო და ეს ფული სარისკო აქტივების მიმართულებით გაუშვეს - ეს იყო უძრავი ქონება, აქციები, ინდუსტრიული სფერო თუ სხვა დარგები. როგორც კი დაიწყო ამ აქციებზე ფასების ვარდნა, მათ მიერ მაღალრისკიან სეგმენტში ინვესტირებულმა თანხამ ღირებულება დაკარგა და ბანკებმა ეს ფული იზარალეს.

იმ წლებში ამერიკაში ათასობით ბანკი გაკოტრდა, ამან გამოიწვია საბანკო პანიკა, როგორც ამერიკის, ასევე მთელი მსოფლიოს ეკონომიკა დაინგრა, რასაც მეორე მსოფლიო ომი მოჰყვა. სწორედ ამიტომ, ამერიკაში გამკაცრდა საბანკო სფეროს რეგულირება და გლას სტიგალის კანონით კომერციულ ბანკებს მკაცრად აეკრძალათ არასაბანკო საქმიანობაში ცხვირის ჩაყოფა. უნდა ითქვას, რომ 1999 წელს ბილ კლინტონმა გააუქმა გლას სტიგალის კანონი და მხოლოდ 6-7 წელი დასჭირდა, რომ ამერიკის ეკონომიკა ახალ, კატასტროფულ კრიზისში ჩაფლულიყო. დაიწყო ახალი გლობალური კრიზისი, ბანკებმა კვლავ დაკარგეს მეანაბრეების ფული და ამ მოვლენების გამო კომერციულ სტრუქტურებს კვლავ აეკრძალათ არაპროფილური აქტივების ფლობა.

-ბატონო დავით, საქართველომ თუ გაითვალისწინა ეს მწარე გამოცდილება?

-ზემოთ უკვე აღვნიშნე, რომ 1990-იან წლებში, დამოუკიდებლობის მიღების შემდეგ, გლას სტიგალის მსგავსი კანონი ჩვენც მივიღეთ, მაგრამ მერე, ცნობილი ლიბერალური რეფორმების ტალღის შედეგად რეგულაციები ამ სფეროში გაუქმდა. ბანკები ცდილობენ თავგზა აუბნიონ და თვალში ნაცარი შეაყარონ როგორც მოსახლეობას, ასევე კანონმდებლებს.

ლობირების ჯგუფების მეშვეობით ისინი ცდილობენ ახლანდელი სიტუაცია გაიხანგძლივონ, რაც ყოველგვარ შანსს სპობს, რომ ქვეყანაში რეალური ბიზნესი გაჩნდეს, რომ სერიოზული ეკონომიკური ზრდა დაიწყოს და მევახშეობასა და არამწარმოებლურ კაპიტალიზმზე უარი ვთქვათ. ეს ჩვენს ქვეყანას საშუალებას მისცემს რეალური ბიზნესდაფინანსების მოდელზე გადავიდეს. ვგულისხმობ საინვესტიციო ბანკების შექმნას, რომლებიც არ არიან მევახშეები და დაბალი საპროცენტო განაკვეთით ცდილობენ მიიღონ სარგებელი, რომელსაც წარმატებული ბიზნესიდეები იძლევა.

ხათუნა ჩიგოგიძე