დიმიტრი ქუმსიშვილი - 2017 წლის ბიუჯეტი წარმოადგენს თვისობრივად ტრანსფორმირებულ ფისკალურ პოლიტიკას

2017 წლის ბიუჯეტი, ისევე როგორც მთავრობის საშუალოვადიანი საბიუჯეტო გეგმები, წარმოადგენს თვისობრივად ტრანსფორმირებულ ფისკალურ პოლიტიკას , - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა სსფ-ის მისიის შედეგების შემაჯამებელ ბრიფინგზე განაცხადა, რომელიც მან ეროვნული ბანკის პრეზიდენტ კობა გვენეტაძესთან და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელ მერსედეს ვერა მარტინთან ერთად გამართა.

როგორც ქუმსიშვილმა აღნიშნა, 2017 წლის ბიუჯეტი ითვალისწინებს ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებას, ეკონომიკური ზრდისათვის მეგობრული საგადასახადო სისტემის შექმნას, საბიუჯეტო პროგრამების უფრო მეტ ეფექტიანობას და ინვესტიციების ზრდას ინფრასტრუქტურულ პროექტებში.

„2017-2020 წლებში დასრულდება ქვეყნის საგზაო ინფრასტრუქტურის ხერხემალი, რომელიც საშუალებას მოგვცემს, სრულად გამოვიყენოთ ჩვენი ლოგისტიკური და ტურისტული პოტენციალი. ინფრასტრუქტურის განვითარების უმნიშვნელოვანესი შედეგი იქნება რეგიონებს შორის კავშირის გაუმჯობესება, რაც გაზრდის მათ ჩართულობას ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში“, - განაცხადა ქუმსიშვილმა.

მისივე თქმით, ბიუჯეტით გათვალისწინებული კაპიტალური ხარჯები 2017-2020 წლისათვის მშპ-ს 5.6%-დან 9%-მდე გაიზრდება. ამავდროულად შემცირდება ადმინისტრაციული ხარჯები 26.5%-დან - 21.7%-მდე.

„მოლაპარაკებების პროცესში, ჩვენ შევთანხმდით მთავრობის ოთხპუნქტიან გეგმასა და 2017 წელს განხორციელებული და დაგეგმილი რეფორმების მნიშვნელობაზე, მათ შორის, მოგების გადასახადისა და შემოსავლების მობილიზების კუთხით გატარებულ რეფორმებზე, ხარჯების შესამცირებლად მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე, რომელთა მთავარი მიზანიც, რა თქმა უნდა, ქვეყნის ეკონომიკური ზრდის დაჩქარება, ბიზნესის მხარდაჭერა და მოსახლეობის ეკონომიკური კეთილდღეობის უზრუნველყოფაა“, - განაცხადა ქუმსიშვილმა.

მისივე თქმით, პროგრამის ფარგლებში, მთავრობა გეგმავს ქვეყნის ეკონომიკური ზრდისათვის უმნიშვნელოვანესი სტრუქტურული რეფორმების გატარებას. როგორიცაა: საპენსიო რეფორმა; კაპიტალის ბაზრის რეფორმა; დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შექმნა; კერძო და საჯარო თანამშრომლობის სისტემის შექმნა; გადახდისუნარიანობის საკანონმდებლო ჩარჩოს შექმნა; მიწის რეფორმა; სადაზღვევო სისტემის რეფორმა; საჯარო ფინანსების მართვის დახვეწის ღონისძიებები და სხვა.