ზურაბ ჭიაბერაშვილი - ეროვნული ბანკიდან საფინანსო ზედამხედველობის ფუნქციის გამოტანით დავკარგეთ ინვესტორთა ნდობა

ჩვენ იმთავითვე ვამბობდით, რომ ეროვნული ბანკიდან საფინანსო ზედამხედველობის სამსახურის გამოტანა დამაზიანებელი იქნებოდა ქვეყნისთვის , - ამის შესახებ ჟურნალისტებს "ევროპული საქართველოს" წევრმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა იმ საკანონმდებლო პაკეტზე კომენტირებისას განუცხადა, რომლითაც საფინანსო სექტორის ზედამხედველობის ფუნქცია კვლავ ეროვნულ ბანკს უბრუნდება.

როგორც ჭიაბერაშვილმა აღნიშნა, ეს პროცესი ქვეყანაზე ორი მიმართულებით აისახა.

"ამან საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან - მსოფლიო ბანკთან, სავალუტო ფონდთან და აზიის განვითარების ბანკთან ურთიერთობაზე სერიოზული უარყოფითი გავლენა მოახდინა და ასევე დააფრთხო ინვესტორები. მათ დაინახეს, რომ მთავრობა უტევდა ეროვნულ ბანკს პოლიტიკური ნიშნით, ეძებდა განტევების ვაცს ეკონომიკური ვარდნისა და ლარის კოლაფსისთვის. ზიანი არის აუნაზღაურებელი. ჩვენ დავკარგეთ ნდობა ინვესტორების და მის აღდგენას დიდი დრო სჭირდება",- განაცხადა ჭიაბერაშვილმა.