რას მოუტანს საქართველოს ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში შესვლა?

საქართველო ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების წევრობის რეალური კანდიდატია. ეს გაერთიანება ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა 2005 წელს დააფუძნეს. ორგანიზაციამ საქმიანობა 2006 წელს დაიწყო. გარდა ევროკავშირის ქვეყნებისა, ამ კავშირის წევრი კიდევ რვა სახელმწიფოა. ცნობილია, რომ ორგანიზაცია ლიბერალურ საბაზრო პრინციპებზე დაფუძნებული ერთიანი ენერგოსივრცის შექმნაზე მუშაობს. ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებასთან შეერთების ოქმს საქართველომ ხელი 2016 წლის 14 ოქტომბერს მოაწერა. ჩვენი ქვეყანა ორგანიზაციის სრულუფლებიანი წევრი რომ გახდეს, ამ დოკუმენტის საპარლამენტო რატიფიკაციაა საჭირო.

ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძის თქმით, საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტს რატიფიკაციისთვის მარტის ბოლოს გაეგზავნება. მინისტრი იმედს გამოთქვამს, რომ რატიფიკაციის შემდგომ ქვეყანაში ენერგეტიკული ბაზრის ეტაპობრივი ლიბერალიზაცია დაიწყება და დაინერგება კონკურენციის ახალი წესები, რომელთა მეშვეობით ბაზარზე ახალი მოთამაშეებიც გაჩნდებიან.

რას მოუტანს საქართველოს ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების წევრობა? - ამ საკითხზე „ბიზნესპრესნიუსი“ ენერგეტიკის აკადემიის პრეზიდენტ რეზო არველაძეს ესაუბრა.

- საქართველოს მთავრობამ დოკუმენტს ხელი უკვე მოაწერა და ახლა პარლამენტს ველოდებით, სავარაუდოდ, მისი რატიფიკაცია უპრობლემოდ მოხდება. ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში პრაქტიკულად ყველა სახელმწიფო შედის და როდესაც ამ ოჯახის წევრი ხდები, ისინი თანასწორუფლებიან პარტნიორად გაღიარებენ. როცა საქართველო ამ დიდი გაერთიანების წევრი გახდება, ინვესტიციები ჩვენთან უფრო იოლად შემოვა, თუმცა ამ ორგანიზაციას აქვს ბევრი დირექტივა, რომელიც საქართველომ უნდა შეასრულოს. ეს დირექტივები წლების მიხედვით არის გაწერილი და 2018 წლის 31 დეკემბრიდან 2020 წლის 31 დეკემბრამდე, ეტაპობრივად უნდა შესრულდეს.

- ბატონო რეზო, კონკრეტულად, რა ხასიათისაა ეს დირექტივები?

- მაგალითად: როგორ უნდა განხორციელდეს ქვეყანაში შემოსული ინვესტიციების დაცვა, არანაკლებ მნიშვნელოვანია გარემოზე ზემოქმედების შეფასების ევროპული კრიტერიუმები, რომელიც ნებისმიერმა ინვესტორმა უნდა დაიცვას. იქ არის მუხლები განახლებადი ენერგიის ხელშეწყობის და ატმოსფეროს დაბინძურების შემცირების თაობაზე, ტარიფების კომპონენტიც გამჭვირვალე უნდა იყოს. მნიშვნელოვანია შენობების ენერგოეფექტურობის ამაღლება, რადგან ჩვენი სახლები და შენობები უფრო მეტ ენერგიას მოითხოვს გათბობისა და გაგრილებისთვის, ვიდრე დასავლეთის ქვეყნებში.

-ცოტა ხანში ეს დოკუმენტი რატიფიკაციისთვის პარლამენტში გაიგზავნება. რა მოჰყვება პარლამენტის გადაწყვეტილებას?

- ჩვენ ამ გადაწყვეტილებას ველოდებით და ვცდილობთ, რომ ჩვენი მხრიდან არანაირი შეფერხება არ იყოს.

-კიდევ რა შეღავათს მოუტანს საქართველოს ამ ორგანიზაციის წევრობა?

- როდესაც ევროგაერთიანების წევრი ერთი სახელმწიფო მეორეს გაზით, ან სხვა სახის ენერგიით ამარაგებს და ტრანზიტისთვის სხვა ქვეყნის ტერიტორიას იყენებს, ამ უკანასკნელს ან ნატურით უნდა გადაუხადონ, ან - ვალუტით. როცა ევროპის ენერგოგაერთიანების წევრი გავხდებით, ჩვენ საშუალება მოგვეცემა, როგორც სატრანზიტო ქვეყანამ, ანაზღაურება ფულით, ან ნატურით მივიღოთ. გარდა ამისა, მოგვცემენ კრედიტს გაზსაცავის ასაშენებლად. ჩვენ სერიოზული დისპროპორცია გვაქვს ზამთარსა და ზაფხულს შორის გაზის მოხმარებაში. გაზს ჩვენი მოსახლეობა გასათბობად იყენებს და მასზე მოთხოვნა ზამთარში ძალიან იზრდება. ზაფხულში კი - ნაკლები რაოდენობის ბუნებრივი აირი გვჭირდება. ზამთარში მოწოდების საშუალება ნაკლები აქვს აზერბაიჯანს, საიდანაც ჩვენ გაზს ვიღებთ, ამიტომ, უაღრესად სერიოზულ ნაბიჯს გადავდგამთ, თუ ჩვენი გაზსაცავი გვექნება. შესაძლოა 2017 წელს მისი მშენებლობა დაიწყოს. საამისოდ სოლიდური თანხა დაგვჭირდება - თითქმის 300 მილიონი დოლარი. ამ შემთხვევაში ვეროკავშირი თანხას სწორედ ენერგეტიკული გაერთიანების რეკომენდაციით გამოგვიყოფს, თუმცა შეიძლება დახმარება არც დაგვჭირდეს და საკუთარი ძალებით შევძლოთ ამ დიდი პროექტის განხორციელება.

-ხომ არ გაართულებს ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში შესვლა საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობას?

-რუსეთისთვის სასიამოვნო არასოდეს ყოფილა ჩვენი დაახლოება დასავლეთთან, მაგრამ ნატოში შესვლა სულ სხვა საკითხია და ენერგოგაერთიანების წევრობა - სხვა. თუ ნატოში შევალთ, ნატოს საზღვარი რუსეთს მიუახლოვდება, მაგრამ თუ ენერგეტიკულ გაერთიანებაში შევალთ, რუსეთისთვის ამით დიდი არაფერი შეიცვლება. შეიძლება ჩვენს მეზობლებს ეს ამბავი ეწყინოთ და გულზე მოხვდეთ, მაგრამ არა მგონია წინააღმდეგობა გაგვიწიონ.

-ბატონო რეზო, ხომ არ გაუარესდება ჩვენი ენერგოდამოუკიდებლობის ხარისხი? ამ გაერთიანებაზე ხომ არ გავხდებით ზედმეტად დამოკიდებული?

-სრული ენერგოდამოუკიდებლობა საქართველოსთვის ისედაც მიუღწეველი მიზანია: ელექტროენერგიის მხრივ ჩვენ უკეთესი მდგომარეობა გვაქვს, რადგან საკმაო რაოდენობით ჰიდრორესურსი გვაქვს და შევძლებთ დაახლოებით 10-15 წლის შემდეგ ჩვენი მოსახლეობის საჭიროება სრულად დავაკმაყოფილოთ. ბუნებრივი აირი კი, ჩვენთან არ მოიპოვება, მას აზერბაიჯანიდან ვიღებთ. იგივე მდგომარეობაა ბენზინისა და დიზელის საწვავის შემთხვევაშიც. ამ ხრივ, ევროპაც რუსეთზეა დამოკიდებული, რადგან გაზს რუსეთი აწვდის. ამიტომ, ევროპას არასოდეს ექნება საშუალება, რომ ბუნებრივი აირი, ბენზინი, ან დიზელის საწვავი მოგვაწოდოს, რის გამოც ჩვენ თვითონ მოგვიწევს სერიოზული მუშაობა: პირველ ეტაპზე სწრაფი ტემპით უნდა ავითვისოთ ჰიდრორესურსები, რომ ქვეყნის ელექტროდამოუკიდებლობა უზრუნველვყოთ. მეორე ეტაპზე ძალიან მნიშვნელოვანი იქნება გაზის საცავების მშენებლობა, რაც საშუალებას მოგვცემს ზამთრისა და ზაფხულის დისბალანსი გავანეიტრალოთ.

ასევე უნდა მოვახერხოთ ენერგოეფექტური ტექნოლოგიებისა და მასალების დანერგვა - ასე შევძლებთ, რომ იმპორტირებული გაზის რაოდენობა შევამციროთ. ძალზე საჭირო საქმეა ელექტრომობილების შემოყვანა საქართველოში, რაც ბენზინსა და დიზელზე მოთხოვნილებას შეამცირებს. ასევე უნდა გამოვიყენოთ ბიოგაზი და სხვა რესურსები, ეს ყველაფერი მოგვცემს საშუალებას, რომ ქვეყანაში იმპორტირებული ენერგეტიკული რესურსების გამოყენება შევამციროთ. ეს ის გზები და მიმართულებებია, რომლითაც ჩვენი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობა თანდათან და ეტაპობრივად გაიზრდება.

ხათუნა ჩიგოგიძე