ევროკავშირი უცხოელების მიერ სტრატეგიული ფირმების შესყიდვის დაბლოკვას გეგმავს

ევროკავშირი „პოლიტიკურად მოტივირებული“ უცხოური ინვესტიციების აკრძალვას გეგმავს.

"როიტერის" ინფორმაციით, კავშირს შესაბამისი მოთხოვნით მიმართეს გერმანიამ, საფრანგეთმა და იტალიამ, რომლებსაც არ სურთ, რომ მათი სტრატეგიული ინტერესების სექტორში მოქმედი კომპანიები, ან მათი ნაწილი უცხოელების ხელში აღმოჩნდეს.

ამჟამად ევროკავშირი ბლოკავს იმ გარიგებებს, რომლებიც ანტიმონოპოლიურ კანონს არღვევს. ყველაზე ძლიერი ეკონომიკების მქონე ქვეყნების მოთხოვნის შესრულების შემთხვევაში, ევროკავშირი იმ შესაძლო გარიგებებსაც შეისწავლის, რომლებიც შესაძლოა მიუღებელი იყოს კავშირისა და მისი წევრი ქვეყნების სტრატეგიულ კომპანიებში უცხოური ინვესტიციების, ეკონომიკური ან უსაფრთხოების კუთხით.

როგორც "როიტერი" წერს, საუბარია თავდაცვის, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურებისა და მაღალტექნოლოგიურ კომპანიებზე. გარდა ამისა, აკრძალვები შესაძლოა გავრცელდეს იმ სფეროებზეც, რომლებიც ევროკავშირისა და მისი ქვეყნების ეკონომიკების კეთილდღეობას უზრუნველყოფენ.

სამი ქვეყნის ერთობლივ წერილში ლაპარაკია შემთხვევებზე, როცა მაგალითად, ჩინეთის მთავრობა, თავის კომპანიებს აფინანსებს იმისთვის, რომ მათ შეძლონ ევროპულ ბაზარზე სტრატეგიული შეღწევა.

გერმანიას ჰქონდა შემთხვევები, როცა ჩინურ კომპანიებს მისი ტექნოლოგიური კომპანიების შეძენა სურდათ. მაგალითად, საყოფაცხოვრებო ტექნიკის მწარმოებელმა „მიდეამ“, რობოტების მწარმოებელი „კუკა“ შეიძინა. ჩინურმა კომპანიებმა შარშან ევროპაში 10 მილიარდი დოლარის ინვესტიციები განახორციელეს, რაც წინა წლის მონაცემებზე დაახლოებით 40-ჯერ მეტია.

ევოკავშირის ზოგ ქვეყანას, საკუთარი სტრატეგიული კომპანიების დაცვის საკუთარი წესები აქვთ. მაგრამ კავშირს ერთობლივად ამ კუთხით დამცავი მექანიზმი ჯერ არ შეუმუშავებია. სამი ქვეყნის შეთავაზების დაკმაყოფილების შემთხვევაში, ევროკავშირი ასევე დაბლოკავს გარიგებებს ისეთი კომპანიების მიერ, რომლებიც ამით საკუთარი ჭარბი ფინანსური შესაძლებლობების „დასაქონლებას“ ცდილობენ.

უფრო მეტიც, დაიბლოკება ისეთი კომპანიებისგან შესყიდვები, რომელთა უმაღლეს მმართველობაში, არაევროკავშირელი პირები მუშაობენ.

გეგმის მიღებამდე, ის ჯერ ევროკავშირის ყველა კომისიამ უნდა მოიწონოს. შემდგომ ეტაპზე, გეგმა ევროკავშირის ქვეყნებმა და ევროპის პარლამენტმა უნდა დაამტკიცონ. იმისათვის, რომ ბრიუსელში ძალაუფლების კონცენტრაცია გამოირიცხოს, ევროკავშირის მიერ კომპანიებს შორის გარიგებაზე ვეტოს დადების შემთხვევაშიც, ცალკეულ ქვეყნებს, სადაც აღნიშნული კომპანიები იქნება ბაზირებული, ექნებათ გარიგებაზე ნებართვის მიცემის ან არმიცემის უფლება.]

გეგმა ასევე ითვალისწინებს ევროკავშირის სპეციალური სააგენტოს შექმნას, რომელიც უცხოურ ინვესტიციებს გააკონტროლებს.