გიორგი კვირიკაშვილი - მთის კურორტები ყველანაირი შემოსავლის მქონე ადამიანისთვის ხელმისაწვდომი უნდა გავხადოთ

მთის კურორტები ყველანაირი შემოსავლის მქონე ადამიანისთვის ხელმისაწვდომი უნდა გავხადოთ , - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე მას შემდეგ განაცხადა, რაც, თავის მხრივ, განათლების მინისტრმა აღნიშნა, რომ საგაზაფხულო არდადეგები 10 000-მდე ბავშვმა ზამთრის კურორტზე გაატარა.

„სტატისტიკას ვამზადებთ, სადღაც 10 000-მდე ბავშვი ამ არდადეგებზე ზამთრის კურორტებზე იყო. განსაკუთრებით სასიხარულოა ჩემთვის, რომ 300 ბავშვი მცირე სკოლებიდან, სახელმწიფო დაფინანსებით იყვნენ. ეს ისეთი ხალხია, ვინც ვერც ხვდება ზამთრის კურორტებზე თავისით. დიდი გეგმები გვაქვს და მომავალ წელს ვფიქრობთ, რომ მასშტაბი იქნება უფრო დიდი“, - განაცხადა ჯეჯელავამ.

პრემიერმა თავის მხრივ აღნიშნა, რომ ძალიან კარგია, რაც უფრო მეტი ადამიანი შეძლებს ისარგებლოს ამ კარგი შესაძლებლობით.

„ძალიან კარგია, რაც უფრო მეტი ბავშვი შეძლებს ჩაერთოს ზამთრის სპორტში და ასევე გაიზიაროს ის პოზიტიური განწყობა, რომელიც მთის კურორტს ყოველთვის თან ახლავს. ეს პირველი წელი იყო, როდესაც ჩვენ ეს დავაბრუნეთ. მე იმედი მაქვს, რომ ეს მასშტაბი გაიზრდება მომავალი წლისთვის. მე როგორც ვიცი, არაერთი სასტუმრო თუ სპორტსკოლა ემზადება, რომ მოამზადოს ინფრასტრუქტურა იმისთვის, რათა ეს იყოს ხელმისაწვდომი. ჩვენ უნდა გავხადოთ მთის კურორტი ხელმისაწვდომი ყველა შემოსავლის მქონე ადამიანისთვის. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. როგორც მოგეხსენებათ, ეს არის საკმაოდ ძვირადღირებული სიამოვნება, მაგრამ რაც უფრო მასიურს გავხდით, მით უფრო გავაიაფებთ და სახელმწიფოს მხრიდანაც ღირს ამაზე რესურის ხარჯვა“,- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.