„მორგან სტენლი“ სტერლინგის უკეთეს პერსპექტივას პროგნოზირებს

ამერიკული საფინანსო კორპორაცია „მორგან სტენლის“ ანალიტიკოსების პროგნოზით, ბრექსიტის მიუხედავად, ბრიტანულ სტერლინგს გამყარების რეალური პერსპექტივა აქვს.

ამის გამო "მორგან სტენლის" ანალიტიკოსები გაერთიანებული სამეფოს საშუალო ზომის კომპანიების სააქციო კაპიტალთან დაკავშირებით, თავიანთ სტრატეგიულ შეხედულებებს ცვლიან.

როგორც წესი, მყარი სტერლინგის დროს, გაერთიანებულ სამეფოში ბაზირებული დიდი და საშუალო ზომის კომპანიების სააქციო ბაზარი სუსტდება. ამასთან დაკავშირებით, „მორგან სტენლი“ თავის კლიენტებს ურჩევს, ექსპორტიორი კომპანიების აქციების გაყიდვაზე იფიქრონ.

„მორგან სტენლი“ ხაზს უსვამს, რომ ვალუტის ბაზარი, ბოლო 20 წლის განმავლობაში, ძლიერ გავლენას ახდენს ბრიტანული კომპანიების აქციებზე. ვალუტის რყევა საპირისპიროდ აისახება აქციების ფასებზე.

მაგალითად, ბრექსიტის შარშანდელი რეფერენდუმის შემდეგ, დოლართან მიმართებაში სტერლინგის მკვეთრი კლების კვალობაზე FTSE 100-ის ინდექსი გაიზარდა.

ასეთი კომპანიები მოგების დიდ ნაწილს ოფშორებში იღებენ. ამავდროულად, გაერთიანებულ სამეფოში მომუშავე ადგილობრივი კომპანიები, რომლებიც მოგებას სტერლინგში იღებენ, თუმცა ხარჯი ოფშორებშიც აქვთ, საერთო ჯამში ზარალობენ.

„მორგან სტენლიში“ თვლიან, რომ დიდი ალბათობით, მალე ეს სიტუაცია საპირისპიროდ შეიცვლება. კომპანიის სავალუტო ბაზრის სტრატეგისტები ვარაუდობენ, რომ წელს სტერლინგის კურსი დოლართან მიმართებაში 1.28 დოლარს მიაღწევს, მომავალი წლის ბოლოსთვის კი 1.45-მდე გაიზრდება.

ასეთი პროგნოზის გამო, კომპანიის ანალიტიკოსებმა საშუალო ზომის ადგილობრივი კომპანიების აქციებს „ნაკლებწონიანის“ ნაცვლად, „ნეიტრალური“ შეფასება დაუწერეს. იმავდროულად, დიდი ზომის კომპანიების შეფასება, „ზედმეტ წონიანიდან“ „ნეიტრალურით“ შეიცვალა.

სექტორების მიხედვით, მყარი ვალუტით მეტ მოგებას მიიღებენ ფინანსურ და უძრავი ქონების სფეროში მომუშავე კომპანიები.