ორ თვეში ექსპორტი 27%-ით გაიზარდა, იმპორტი - 10%-ით

2017 წლის იანვარ-თებერვალში ექსპორტმა 356 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 27%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლზე. 

საქსტატის მონაცემებით, 1067 მილიონი დოლარი შეადგინა იმპორტმა, რაც 2016 წლის იმავე მაჩვენებელს 15%-ით აღემატება.  ამავე პერიოდში ექსპორტმა რეექსპორტის გარეშე 289 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 28 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს.

საქსტატის ინფორმაციით, 2017 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 375 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 15 პროცენტით მეტია. აქედან ექსპორტი 102 მილიონი დოლარია, რაც 31%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე, ხოლო იმპორტი მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში 274 მილიონი დოლარია, რაც 10%-ით აღემატება 2016 წლის ანალოგიურ მაჩვენებლს.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, დსთ-ის ქვეყნებთან საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2017 წლის იანვარ-თებერვალში 497 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 2016 წლის იანვართან შედარებით 40%-ით მეტია. აქედან ექსპორტი 129 მილიონი დოლარი იყო, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 75% პროცენტით მეტია, ხოლო იმპორტმა 367 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 31%-ით მეტია გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელზე.

სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2017 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოს საგარეო ვაჭრობის შესახებ წინასწარი ინფორმაცია გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, აღნიშნულ პერიოდში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 1423 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 18%-ით მეტია.