ასლანიშვილი - საბანკო ოლიგოპოლიამ გალარების რესურსი ნაწილობრივ სხვა დანიშნულებით გამოიყენა

ეკონომიკის ექსპერტი დავით ასლანიშვილი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე გალარების პროგრამის შესახებ წერს.

"ბიზნესპრესნიუსი" დავით ასლანიშვილის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

"2017 წლის იანვარში გალარების პროგრამის დაწყებამდე (რომლის ინიციატორი  საქართველოს მთავრობა; განმხორციელებელი კი ეროვნული ბანკი იყო), ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ბატონმა არჩილ მესტვირიშვილმა განაცხადა, რომ ეროვნული ბანკი საკუთარი ფინანსური ინსტრუმენტებით და რესურსებით (ერთთვიანი რეფინანსირების სესხით ლარში და დოლარში ქვეყნის სავალუტო რეზერვით) უზრუნველყოფდა იმას, რომ კომერციულ ბანკებს გაელარებიათ კლიენტებისთვის დოლარში გაცემული სესხები.

2017 წლის 17 მარტს დასრულდა გალარების პროგრამა, რომლის ფიასკოში ეროვნული ბანკის მიერ შექმნილმა ცრუ მოლოდინებმა გადამწყვეტი როლი შეასრულა, ხოლო 23 მარტს რას ვხედავთ?

სულ გალარდა 75 მილიონი დოლარი, რისთვისაც 200 მილიონ ლარზე მეტი არ დახარჯულა, და 23 მარტს, იმის ნაცვლად, რომ ერთთვიანი რეფინანსირების სესხის მოცულობა (400 მლნ ლარი) თუ სულ არ გაუქმდებოდა, შემცირებულიყო მაინც, ეროვნულმა ბანკმა წელს უკვე მესამედ, კვლავ გასცა 400 მილიონი ლარი ერთთვიანი რეფინანსირების სესხი.

ჯამში, მოკლევადიანი რეფინანსირება, რომელიც უკვე მყარად დაცემენტდა ჯერჯერობით 1,6 მილიარდი ლარის დონეზე და მთლიანი ლარის მასის 25%-ს შეადგენს (უკრაინაში თანაფარდობა - 13% ტოლფასია, თურქეთში - 3%, რუსეთში - 2%), იმავდროულად გამოხატავს მოკლევადიან ლიკვიდობაში გარღვევას კომერციული ბანკებისთვის და არის საგანგაშოდ მაღალი.

და ვინ იცის კიდევ, გალარების მოტივით ერთთვიან აუქციონზე 400 მილიონი ლარი რომ არ გაცემულიყო სესხის სახით ეროვნული ბანკის მიერ კომერციულ ბანკებზე, რომელიც ახლა უკვე არაუგვიანეს 20 აპრილამდე მიმოქცევაში იქნება (იხილეთ სქრინი), როგორ შეძლებდნენ კომერციული ბანკები მოკლევადინი ლიკვიდობის დეფიციტის შევსებას ?!

როგორც ორი თვის წინ ერთ-ერთ სატელევიზიო დებატში ეროვნული ბანკის წარმომადგენელმა ბატონმა გიორგი ბაქრაძემ განმარტა, მოკლევადიანი დეფიციტი კომერციული ბანკებისთვის შეიძლება უკავშირდებოდეს:

1) სამთავრობო ოპერაციებს,

2) მსხვილ სავალუტო ტრანზაქციებს და

3) ნაღდი ფულით ფინანსური არხების უზრუნველყოფას.

მეტი კონკრეტიკისგან ეროვნული ბანკი თავს იკავებს.

ერთი წლის განმავლობაში რეფინანსირების მოცულობა გაორმაგდა, ხოლო ეკონომიკის 3%–იანი ზრდის პირობებში ფულის მასა 20% არის გაზრდილი.

შესაბამისად, ეროვნული ბანკი ვალდებულია, უფრო დეტალურად განმარტოს, ინფლაციის მიზეზი უმეტესწილად იმ მონეტარულ პოლიტიკას ხომ არ უკავშირდება, რომელიც არათანმიმდევრული ნაბიჯებით და ცრუ მოლოდინების შექმნით გამოირჩევა".