მომავლის სოფლად საწირეს გარდაქმნისთვის 15 მილიონი ლარი დაიხარჯება

იმერეთის სოფელ საწირეს განვითარება და განახლება იწყება. პროექტის ”საწირე-მომავლის სოფელი” პრეზენტაცია იმერეთის მხარის ადმინისტრაციაში დღეს გაიმართა.

პროექტის ავტორების ცნობით, საწირე ბავშვთა და ახალგაზრდების კურორტია ზემო იმერეთში, რომელიც შესაძლოა ერთ-ერთ ტურისტულ ცენტრად იქცეს იმერეთში.

პროექტის მიხედვით, სოფელი საწირე რკინიგზით ქუთაისის აეროპორტს უნდა დაუკავშირდეს. პროექტის ღირებულება 15 მილიონ ლარს შეადგენს, რომლის ფინანსურ მხარდაჭერას სახელმწიფო, ბიზნესმენები და სხვადასხვა ფონდები უზრუნველყოფენ. კურორტ "საწირის განვითარების ფონდის" თავმჯდომარის გელა ბუბაშვილის თქმით, 5 მილიონი ლარი ინფრასტრუქტურის ბოლომდე მიყვანას ჭირდება, ხოლო ბიზნესისა და სტარტაპისთვის 10 მილიონი ლარია საჭირო.

პროექტი საწირის კომპლექსურ განვითარებას გულსიხმობს, რაც ქალაქური ტიპის ინფრასტრუქტურის მოწყობას, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას მოიცავს. პროექტის მიზანია სოფლის ახალგაზრდებისთვის ცხოვრებისა და მუშაობის პირობების შექმნა და მიგრაციის პროცესის შეჩერება.

საწირის განვითარების სტრატეგია პროფესორმა დიმიტრი ჯაფარიძემ შეიმუშავა. პროექტების ნაწილი - 2017-2018 წლებში, სოფელ საწირის კურორტულ ზონად ქცევა კი 2020 წელს უნდა დასრულდეს.