გიორგი გახარია - ირანი უზარმაზარი ეკონომიკური პოტენციალის ქვეყანაა და მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ

ირანი უზარმაზარი ეკონომიკური პოტენციალის მატარებელი ქვეყანაა და ის, რის საშუალებასაც ჩვენი რეგიონული კონტექსტი გვაძლებს, მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ.

ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი გახარიამ სასტუმრო „ბილტმორში“ განაცხადა, სადაც საქართველო-ირანის ბიზნესფორუმი მიმდინარეობს, რომელსაც საქართველოში ვიზიტით მყოფი ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, მოჰამედ ჯავად ზარიფი დაესწრო.

როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, ირანი რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული ეკონომიკური პოტენციალის მატარებელი ქვეყანაა და მან იმედი გამოთქვა, რომ საქართველო ირანიდან დამატებითი ინვესტიციების მოზიდვას შეძლებს.

„რა თქმა უნდა, კონკრეტულ მიმართულებებსა და დარგებზე იყო საუბარი, როგორიცაა წარმოება, ტრანზიტი, ფარმაცევტიკა, ჩვენი თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმების გამოყენება ერთობლივი საწარმოების შექმნის საშულებით, სოფლის მეურნეობა. ეს ის მიმართულებებია, სადაც ყველაზე მეტ აქტივობებს უნდა ველოდოთ. კონკრეტული კომპანიების წარმომადგენლები არიან ჩამოსულები და ვფიქრობთ, რომ უკვე კონკრეტული შედეგები გვექნება. სამწუხაროდ, დღეს, ობიექტური მიზეზების გამო, ირანიდან პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მცირეა, თუმცა სავაჭრო ბალანსში ჩვენი ექსპორტი იზრდება, რაც მისასალმებელია. ირანი არის უზარმაზარი ეკონომიკური პოტენციალის მატარებელი ქვეყანა. ის, რის საშუალებასაც ჩვენი რეგიონული კონტექსტი გვაძლევს, მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ“, - განაცხადა გახარიამ.

თავის მხრივ, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტის ნინო ჩიქოვანის თქმით, ირანის ბიზნესდელეგაციას ხელმძღვანელობს ირანის ვაჭრობის, მრეწველობისა და სოფლის- მეურნეობის პალატის ვიცე-პრეზიდენტი.

„საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასა და ირანის სავაჭრო პალატას აქვს მჭიდრო ურთიერთობა. ჩვენ შორის გაფორმებულია ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი და ძალიან ბევრი ვიზიტი ხორციელდება წლების განმავლობაში. დღეს წარმოდგენილია 22 ირანული კომპანია სხვადასხვა სფეროდან. ფორუმში მონაწილეობს 75 ქართული კომპანია. ფორუმის შედეგებზე ვიმსჯელებთ ორმხრივი შეხვედრების შემდგომ განვითარებული საქმიანი ურთიერთობებით“, - განაცხადა ჩიქოვანმა.

მისივე თქმით, ფორუმის ფარგლებში, დაგეგმილია ქართველი და ირანელი ბიზნესმენების პირისპირ შეხვედრები.