სოსო ფხაკაძე - ”აწარმოე საქართველოში“ ძალიან წარმატებული პროექტი გამოდგა

”აწარმოე საქართველოში“ ძალიან წარმატებული პროექტი გამოდგა, - ამის შესახებ „ვისოლ ჯგუფის“ დამფუძნებელმა სოსო ფხაკაძემ „აწარმოე საქართველოში“ ახალი სტრუქტურის პრეზენტაციის დასრულების შემდეგ განაცხადა.

”დღეს მოვისმინეთ პროექტის პრეზენტაცია, რომელსაც დაემატა რამდენიმე კომპონენტი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ ბოლომდე აითვისა საექსპორტო პოტენციალი, რამეთუ არსებობს საინტერესო სავაჭრო ურთიერთობები და სავაჭრო გარიგებები რამდენიმე მნიშვნელოვან ქვეყანასთან, პირველ რიგში, ევროკავშირის ქვეყნებთან“, - განაცხადა ბიზნესმენმა.

მისი შეფასებით, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია იმ კომპონენტის დამატება, რომელიც მიმართულია საქართველოში უცხოური ინვესტიციების მოზიდვისკენ.

”ყველაფერთან ერთად, ეს პროგრამა ერთ-ერთი ფუნდამენტური ნაწილი იქნება ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკისა, რომელიც მიმართულია, უპირველეს ყოვლისა, სამუშაო ადგილების შესაქმნელად, უფრო მეტი ინვესტიციების მოსაძიებლად და ეკონომიკის შემდგომი განვითარებისათვის“, - აღნიშნა ფხაკაძემ.