ვახტანგ ბუცხრიკიძე - პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ საექსპორტო მიმართულებით განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია

პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ საექსპორტო მიმართულებით განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია , - ამის შესახებ „თიბისი ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ განაცხადა, რომელმაც „აწარმოე საქართველოში“ ახალი სტრუქტურის პრეზენტაციის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი. დღეს პრემიერ მინისტრმა და ეკონომიკის მინისტრმა გააკეთეს პრეზენტაცია, სადაც საუბარი იყო, რომ პროგრამა კიდევ უფრო გაფართოვდება. ძალიან მნიშვნელოვანია მისი საექსპორტო მიმართულებით განვითარება. საუბარი იყო ასევე იმაზეც, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ბაზრების კომერციული ატაშეები ეყოლება საქართველოს და ბანკების აქტივობაც კიდევ უფრო გაიზრდება ამ მიმართულებით. მე ვფიქრობ, რომ „აწარმოე საქართველოში“ ერთ-ერთი წარმატებული პროექტია“, - განაცხადა ვახტანგ ბუცხრიკიძემ.

მისივე თქმით, პროგრამაში ქართული ბანკების უმრავლესობა არის ჩართული და „თიბისი ბანკიც“ პროექტის ერთ-ერთი აქტიური მონაწილეა. „ჩვენ ვფიქრობთ, რომ ის სიახლეები, რაზეც დღეს იყო საუბარი პრეზენტაციაზე, მოგვცემს საშუალებას კიდევ უფრო გავაფართოოთ ჩვენი ჩართულობა“, - განაცხადა ბუცხრიკიძემ.