გლობალური ენერგეტიკული არქიტექტურის ფუნქციონალურობის ინდექსში საქართველო 55-ე პოზიციაზე დაქვეითდა

გლობალური ენერგეტიკული არქიტექტურის ფუნქციონალურობის ინდექსში (EAPI) საქართველომ მსოფლიოს 127 ქვეყანას შორის 0.64 ქულით 55-ე ადგილი დაიკავა.

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ინდექსი სამ ძირითად ინდიკატორს - ეკონომიკურ ზრდასა და განვითარებას, გარემოს მდგრადობასა და ენერგო უსაფრთხოებასა და წვდომას ეფუძნება, რომელიც 18 მაჩვენებელს აერთიანებს.

ინდექსის თანახმად, საქართველომ ეკონომიკური ზრდის და განვითარების კრიტერიუმში 83-ე, გარემოს მდგრადობის მაჩვენებელში - 25-ე, ხოლო ენერგო უსაფრთხოებისა და წვდომის მაჩვენებელში კი 69-ე პოზიცია დაიკავა.

რეიტინგის პირველ ხუთეულში შვეიცარია, ნორვეგია, შვედეთი, დანია და საფრანგეთი არიან, ხოლო ბოლო ხუთეულში: ერითრეა, ბენინი, ლიბანი, იემენი და ბაჰრეინი.

რაც შეეხება მეზობელ ქვეყნებს, აზერბაიჯანი 36-ე, თურქეთი 41-ე, რუსეთი 48-ე, ხოლო სომხეთი 58-ე ადგილზე გავიდა.

აღსანიშნავია, რომ 2016 წელს გლობალური ენერგეტიკული არქიტექტურის ფუნქციონალურობის ინდექსში საქართველო 46-ე ადგილს იკავებდა. ინდექსის თანახმად, 2009-17 წლების მაჩვენებელში საერთო ჯამში, საქართველო 13 პოზიციით დაქვეითდა.