იანვარ-მარტში თურქეთთან სავაჭრო ბრუნვა შემცირდა

2017 წლის იანვარ-მარტში რუსეთთან სავაჭრო ბრუნვა გაიზარდა, თურქეთთან კი შემცირდა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2017 წლის იანვარ-მარტში უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი კვლავ თურქეთია, თუმცა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მისი წილი მთელ ბრუნვაში 1.4%-ით არის შემცირებული.

კერძოდ, 2017 წლის პირველ 3 თვეში თურქეთის წილი მთელ სავაჭრო ბრუნვაში 14.5% იყო, 2016 წლის იანვარ-მარტში კი 15.9%.

რაც შეეხება რუსეთს, მიმდინარე წლის მონაცემებით, უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორებს შორის ის მეორე ადგილს იკავებს. მიმდინარე წლის იანვარ-მარტში რუსეთის წილი საქართველოს მთელ სავაჭრო ბრუნვაში 11.2% იყო; მაშინ როცა 2016 წლის პირველ 3 თვეში რუსეთზე მთელი სავაჭრო ბრუნვის 8.6% მოდიოდა.

როგორც ეკონომიკის ექსპერტმა სოსო არჩვაძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნა, სავაჭრო ბრუნვაში პარტნიორი ქვეყნების წილების სხვაობა მნიშვნელოვან რისკს არ შეიცავს, თუმცა, ყურადღების მიქცევა მაინც საჭიროა, რომ ეს მაჩვენებელი გრძელვადიან ტენდენციაში არ გადაიზარდოს.

„თურქეთში თხილის ექსპორტი შემცირდა, საუბარია ღირებულებით შემცირებაზე, რისი ერთ-ერთი ფაქტორიც თხილის სარეალიზაციო ფასის შემცირებაა. სანაცვლოდ კი გაიზარდა ელექტროენერგიის იმპორტი ქვეყანაში, რომელიც როგორც წესი რუსეთიდან შემოდის. ამ ორი ფაქტორის თანხვედრამ კი გამოიწვია ის, რომ რუსეთთან სავაჭრო ბრუნვა გაიზარდა, თურქეთთან კი შემცირდა. ამასთან, 3-ჯერ გაიზარდა რუსეთში ფეროშენადნობების ექსპორტი. გაზრდილია ასევე სასმელის გატანაც ექსპორტზე რუსეთში“, - აღნიშნავს არჩვაძე.