გიორგი კვირიკაშვილი - სპარსეთის ყურე-შავი ზღვის მიმართულებით სატრანზიტო დერეფნის განვითარებაზე ირანთან შეთანხმება მიღწეულია

პრემიერ-მინისტრის ინფორმაციით, სპარსეთის ყურე-შავი ზღვის მიმართულებით სატრანზიტო დერეფნის განვითარებასა და ენერგეტიკულ თანამშრომლობაზე ირანის ხელისუფლებასთან გარკვეული შეთანხმებებია მიღწეული.

ამის შესახებ გიორგი კვირიკაშვილმა ირანის ისლამური რესპუბლიკის პირველ ვიცე-პრეზიდენტ ესჰაყ ჯაჰანგირთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. პრემიერმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე ირანის პირველ ვიცე-პრეზიდენტს გულთბილი მასპინძლობისათვის მადლობა გადაუხადა.

”შეხვედრაზე განვიხილეთ ორმხრივი თანამშრომლობის უმნიშვნელოვანესი საკითხები და მიღწეულ იქნა გარკვეული შეთანხმებები, რათა კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგას მათ განსახორციელებლად. კერძოდ, საუბარია სპარსეთის ყურე-შავი ზღვის მიმართულებით სატრანზიტო დერეფნის განვითარებაზე და ასევე, ენერგეტიკულ თანამშრომლობაზე.

ძალიან მისასალმებელია, რომ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტს თან ახლდა მნიშვნელოვანი ბიზნესფორუმი, სადაც კერძო სექტორის წარმომადგენლებმა განიხილეს მნიშვნელოვანი პროექტები. ასევე, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საქართველო ირანელ ინვესტორებს სთავაზობს გამორჩეულ ბიზნესგარემოს და ამასთანავე, ევროპასა და ევროკავშირის ქვეყნებთან თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობას. ძალიან გვახარებს, რომ ირანელი ტურისტების რიცხვი საქართველოში დღითიდღე იზრდება და ჩვენ ასევე მივიღეთ გადაწყვეტილება, ტურისტულ სააგენტოებს შორის გავააქტიუროთ თანამშრომლობა, რათა უფრო მეტი ქართველი ტურისტი ეწვიოს ირანს.

ჩვენი მხრიდან, გამოვთქვამთ სრულ მზადყოფნას, რათა ყველა ბარიერი, რომელიც შეიძლება არსებობდეს კერძო სექტორის წარმომადგენლებს შორის ურთიერთობაში, მოვხსნათ, რათა მაქსიმალურად კომფორტული გავხადოთ ჩვენს ქვენებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობა”, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.