2006-2015 წლებში სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტი 11%-ით, იმპორტი კი 7%-ით გაიზარდა

2006-2015 წლებში სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტის ზრდა უფრო მეტი იყო, ვიდრე ექსპორტის მთლიანი მოცულობის ზრდა.

ამავე დროს სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის იმპორტის ზრდა უფრო მცირე იყო, ვიდრე იმპორტის მთლიანი მოცულობის ზრდა.

ორგანიზაცია „სოფლისა და სოფლის მეურნეობის პოლიტიკისა და განვითარების ინსტიტუტის“ (RAPDI) კვლევის - ”საქართველოს სოფლის მეურნეობის მიმოხილვა” თანახმად, საერთშორისო ბაზარზე 2006-2015 წლებში სასოფლო სამეურნეო ექსპორტი 11%-ით გაიზარდა, იმპორტის ზრდამ კი 7% შეადგინა.

როგორც კვლევაშია აღნიშნული, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტის წილი ექსპორტის მთლიან მოცულობაში 1%-ით გაიზარდა. ამავე დროს სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის იმპორტის წილი იმპორტის მთლიან მოცულობაში 2%-ით შემცირდა.

კვლევის თანახმად, 2006-2015 წლების პერიოდში 10 ძირითადი საექსპორტო საქონელი სასოფლო-სამეურნეო საქონლის ექსპორტის მთლიანი მოცულობის 74%-ს შეადგენდა. მათ შორის სამი მთავარი საექსპორტო პროდუქტი იყო თხილი (22%), ღვინო (14%) და მინერალური წყალი (12%). მთლიანი ექსპორტის 77% 10 ძირითად საექსპორტო ბაზარზე გადიოდა, მათ შორის სამი მთავარი საექსპორტო ბაზარია უკრაინა (18%), აზერბაიჯანი (12%) და რუსეთი (11%).

რაც შეეხება იმპორტს, RAPDI-ის კვლევის თანახმად, 2006-2015 წლების პერიოდში სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის იმპორტის მთლიანი მოცულობის 35%-ს 10 ძირითადი იმპორტირებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქტი შეადგენდა. მთავარ იმპორტირებულ სასოფლო-სამეურნეო პროდუქტს წარმოადგენს (თამბაქო 8%), ხორბალი (6%) და მზესუმზირის ზეთი (4%) და ქათმის გაყინული ნაწილი (4%). სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მთლიანი იმპორტის 72% 10 ძირითადი საიმპორტო ბაზრიდან შემოდის, მათგან სამი მთავარი ბაზარია უკრაინა (22%), რუსეთი (19%) და თურქეთი (10%).

”საქართველოს სოფლის მეურნეობის მიმოხილვის კვლევა” ევროკავშირის მხარდაჭერით, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ხელშეწყობით, პროექტის „სოფლის მეურნეობის საგანმანათლებლო და კვლევითი ორგანიზაციების ინსტიტუციონალური გაძლიერება“ ფარგლებში, ორგანიზაცია „სოფლისა და სოფლის მეურნეობის პოლიტიკისა და განვითარების ინსტიტუტმა“ (RAPDI) გამოაქვეყნა. კვლევა 10-წლიან პერიოდს მოიცავს და მიზნად ისახავს სექტორში არსებული ტენდენციებისა და განვითარების მიმართულებების შესწავლას.