ოქროს ფასს გეოპოლიტიკური რისკები ამყარებს

„გოლდმენ საქსის“ ანალიტიკოსთა ჯგუფის შეფასებით, გეოპოლიტიკური რისკები, ოქროზე მოთხოვნის გაძლიერებას განაპირობებს და ეს სიტუაცია უახლოეს მომავალშიც შენარჩუნდება.

ტრადიციულად, ყვითელი მეტალი რისკებისგან თავშესაფარი აქტივის როლს ასრულებს და მასში ფულის დაბანდება, რისკიან გარიგებათა ჰეჯირების ყველაზე საიმედო საშუალებას წარმოადგენს. იგივე სიტუაცია ვითარდება ბოლო ერთი წლის განმავლობაში, როცა ოქროს ფასი 10 პროცენტზე მეტით არის გაზრდილი.

როგორც კი რისკის ფაქტორი შემცირდა, რაც საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში, ემანუელ მაკრონის გამარჯვებამ გამოიწვია, ოქროზე მოთხოვნა მაშინვე შემცირდა და უნციის ფასმაც 17 დოლარით დაიკლო.

„გოლდმენ საქსი“ ვარაუდობს, რომ უახლოეს მომავალში ოქროს ფასმა შესაძლოა 1 200 დოლარამდეც დაიკლოს. კლების მთავარი კატალიზატორის როლი შეიძლება შეასრულოს ფედრეზერვის მიერ დოლარზე საპროცენტო განაკვეთის ზრდის დაჩქარებამ, ასევე შეერთებულ შტატებში საგადასახადო რეფორმის (გადასახადების შემცირებით) გატარებამ და ქვეყნის ეკონომიკის ზრდის ტემპის მომატებამ.

მაგრამ იმავდროულად, საინვესტიციო ბანკი ბაზრის მოთამაშეებს სიფრთხილეს ურჩევს, რადგან მსოფლიოში პოლიტიკურ დაძაბულობებს, ბაზრებზე ძლიერი რყევების გამოწვევა შეუძლია. ასეთია მაგალითად ჩრდილოეთ კორეასთან დაკავშირებული დაძაბულობა. გარდა ამისა, რისკიან აქტივებზე მოთხოვნის შემცირებას გამოიწვევს ისიც, თუ ამერიკაში ბიუჯეტთან დაკავშირებული დებატები მაისშიც გაგრძელდება.

საერთო ჯამში, „გოლდმენ საქსი“ ოქროს მიმართ, უახლოეს ერთწლიან პერიოდში პოზიტიურ განწყობას ინარჩუნებს (ფედრეზერვის მოსალოდნელი აქტიურობის გამო). თუმცა თავადვე აღიარებს, რომ ეს განწყობა შესაძლოა გეოპოლიტიკურმა გარემოებებმა გაანეიტრალოს, რაც ზუსტი გრძელვადიანი პროგნოზის გაკეთებას შეუძლებელს ხდის.