სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი "დელტა" თავდაცვის სამინისტროდან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაქვემდებარებაში გადავიდა.
შესაბამისი ცვლილება მთავრობის გადაწყვეტილებით, ორივე სამინისტროს დებულებაში უკვე შევიდა. ცვლილებასთან დაკავშირებით ინფორმაცია მთავრობის ვებგვერდზე დღეს გამოქვეყნდა.
სწორედ სსიპ სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი "დელტა" განახორციელებს სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის შექმნისთვის საჭირო სამუშაოებს, რის შესახებ გადაწყვეტილება რამდენიმე დღის წინ ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე მიიღეს. მთავრობის ინფორმაციით, პროექტი 20 მილიონი ლარი დაჯდება და სეტყვისაგან მიყენებულ ზარალს 85-95%-ით შეამცირებს.
"დელტასთან" ერთად, ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში გადადის სოხუმის ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტი; ინსტიტუტი "ოპტიკა"; გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტი; რაფიელ დვალის მანქანათა მექანიკის ინსტიტუტი; ფერდინანდ თავაძის მეტალურგიისა და მასალათმცოდნეობის ინსტიტუტი და მიკრო და ნანო ელექტრონიკის ინსტიტუტი."