მარტში საბანკო სექტორის წმინდა მოგებამ 115.1 მილიონი ლარი შეადგინა

2017 წლის 1 აპრილის მდგომარეობით, წინა თვესთან შედარებით საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები 1.5%-ით, 0.4 მილიარდი ლარით გაიზარდა და 29.8 მილიარდი ლარი შეადგინა.

არასამთავრობო ორგანიზაცია ”საზოგადოება და ბანკების” კვლევის თანახმად, სასესხო პორტფელი წინა წლის ანალოგიურ მაჩვენელზე 15.2%-ით, 2.429 მილიარდი ლარითაა გაზრდილი, ხოლო წინა თვის მაჩვენებელზე 1.6%-ით, 307.4 მილიონი ლარით არის შემცირებული. კვლევის მიხედვით, მარტის მონაცემებით, საკრედიტო პორტფელი 18.4 მილიარდი ლარის ტოლია. მათივე ინფორმაციით, ეროვნულ ვალუტაში გაცემული სესხების მოცულობა 396.6 მილიონი ლარით 5,8%-ით გაიზარდა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხები 704.1 მილიონი ლარით 5.9%-ით შემცირდა.

როგორც ორგანიზაციის კვლევაშია ნათქვამი, კომერციული ბანკების მიერ დაკრედიტებული წლიური ზრდის ტემპი 15 პროცენტია. ”გასათვალისწინებელია, რომ საკრედიტო პორტფელის ზრდაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ლარის გაცვლითი კურსის გაუფასურების შედეგად უცხოური ვალუტით ნომინირებული სესხების ეროვნულ ვალუტაში გადაფასება”, - ნათქვამია კვლევაში.

”საზოგადოება და ბანკების” მონაცემებით, მიმდინარე წლის მარტში საბანკო სისტემაში საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი სესხებზე 0.2%-ით შემცირდა და 15.4% შეადგინა. უცხოური ვალუტით დენომინირებულ სესხებზე წლიური საპროცენტო განაკვეთი 0.1 პუნქტითაა გაზრდილი და 8.6% შეადგენს, ხოლო ეროვნული ვალუტით გაცემულ კრედიტებზე პროცენტი 1.3%-ით შემცირდა და წლიური 19.6% შეადგინა. კვლევის თანახმად, 2016 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საპროცენტო განაკვეთები უცხოური ვალუტით განსაზღვრულ სესხებზე 1.5%-ით არის შემცირებული, ხოლო ეროვნული ვალუტით განხორციელებულ დაკრედიტებაზე 3.7 პუნქტით.

არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, ვადაგადაცილებული სესხების მოცულობა მთლიან პორტფელთან მიმართებაში 0.15%-ით შემცირდა და 2.17% შეადგინა. წინა თვის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი 34.5 მილიონი ლარით, 7.9%-ით არის შემცირებული და 402.3 მილიონი ლარის ტოლია.