ბოლო თვეებში ქართული თხილის ექსპორტი შემცირდა

თხილსა და კაკალს ჩვენს საექსპორტო ათეულში ბოლო წლებში წამყვანი ადგილები ეკავა, თუმცა მიმდინარე წლის იანვარ-მარტში, საქართველოდან თხილისა და კაკლის ექსპორტი საგრძნობლად შემცირდა.

„საქსტატის“ მონაცემებით, ამ სამ თვეში თხილისგან მიღებულმა შემოსავალმა 17 მილიონი დოლარი შეადგინა, შარშან კი ეს ციფრი 32 მილიონ დოლარი იყო. საქართველოში თხილის ფასიც დაბალია - საშუალოდ, 3-5 ლარი.

როგორც „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას ფერმერებმა აღნიშნეს, დაბალი ხარისხის თხილი 1-1,5 ლარადაც იყიდება. რაც შეეხება მსოფლიო ბაზარს, იქ 1 კგ თხილის ფასი 6 დოლარია.

ცნობილია ისიც, რომ შარშან თხილის მოსავალი სოკოვანმა დაავადებამ და საშიშმა მავნებელმა - აზიურმა ფაროსანამ გაანადგურა. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ მავნებლის გამოისობით მიყენებულმა ზარალმა 63 მილიონი ლარი შეადგინა. ამიტომ ხელისუფლება წელს ფაროსანას წინააღმდეგ სპეციალურ პროგრამას იწყებს, რომლისთვისაც 13 მილიონი ლარი უნდა დაიხარჯოს.

„თხილის გადამამუშავებელთა და ექსპორტიორთა ასოციაციის“ გამგეობის თავმჯდომარის, ალექსანდრე მოწერელიას თქმით, ფასის გასაზრდელად, პირველ რიგში, ხარისხის გაუმჯობესებაა საჭირო. მოწერელია ექსპორტის შემცირების მთავარ მიზეზად სწორედ დაბალ ხარისხს და მოსავლიანობას ასახელებს.

ამას ფერმერებიც არ მალავენ. ზუგდიდის რაიონის მკვიდრი, ფერმერი დემურ ფიფია ადასტურებს, რომ 2016 წელს თხილის მოსავალი სახარბიელო მართლაც არ იყო. ამის მიზეზად ისიც უამინდობას, მავნებლებს და ავადმყოფობას ასახელებს.

"აზიურმა ხოჭომ მართლაც ძალიან დიდი ზარალი მიაყენა თხილის შარშანდელ მოსავალს. თხილის გამოსავლიანობა და ხარისხიც ძალიან დაბალი იყო. ზუგდიდის რაიონში თხილის ექსპორტს თურქებიც აკონტროლებენ და ქართველებიც, ყველამ ვიცით, რომ თურქული თხილთან კონკურენციის გაწევა რთულია, ამიტომ უხარისხო თხილს ვინ ჩაიბარებს?"- ამბობს დემურ ფიფია.

ექსპორტიორი ვლადიმერ ნებიერიძეც თხილის უხარისხობაზე ამახვილებს ყურადღებას და აღნიშნავს, რომ თხილის ექსპორტის შემცირება დაბალი მოსავლისა და არასტაბილური ხარისხის ბრალია. "ქარხნები თხილს მისი ხარისხის მიხედვით იბარებენ, ამიტომ პროდუქციის ფასიც განსხვავებულია. ეს ძალიან კარგია, რადგან იყო დრო, როცა ხარისხიან და უხარისხო თხილს ერთიანად იბარებდნენ. ამან ქართული თხილის პრესტიჟი საგრძნობლად შელახა. უხარისხობის გამო მოსავლის ნაწილი არ იყიდება, რადგან ექპორტიორს ასეთი თხილის გადამუშავება არ უღირს", - აცხადებს ვლადიმერ ნებიერიძე.

ექსპორტიორის აზრით, თხილის დაბალი ხარისხი იმითაც აიხსნება, რომ ფერმერები მოსავლის დროულად აღებას არ ჩქარობენ.

"ჩვენი გლეხები თხილის აღებას 10 აგვისტოდან იწყებენ, მაგრამ შარშან უკვე 20 ივლისიდან შეეძლოთ დაეწყოთ თხილის კრეფა, უფრო ადრეც, რადგან 15 ივლისს პირველი მოსავალი უკვე ჩამოცვენილი იყო. მეც 25 ივლისამდე ავიღე მოსავალი, აგვისტოს არ დაველოდე. არ არსებობს თარიღი, როცა თხილი უნდა აიღო, მაშინ უნდა მოკრიფო, როცა მზად არის. ასეც მოვიქეცი და ჩემს თხილში სიდამპლის მაჩვენებელი 3-4-ჯერ უფრო ნაკლები იყო, ვიდრე საერთოდ. გლეხს ურჩევნია თავისი მოსავალი ერთიანად დაფერთხოს და ასე აიღოს, მაგრამ ხომ შეიძლება ეტაპობრივად აკრიფონ? 2016 წელს საქართველოში რაოდენობითაც და ხარისხითაც ცუდი მოსავალი მოვიდა და ექსპორტი ამის გამო შემცირდა.

მით უმეტეს, ახლა, როცა მოსახლეობაში ძირითადად უხარისხო თხილია დარჩენილი. ყოველთვის ფერმერის შეცოდებაც არ შეიძლება. ამდენი დახმარებით და სუბსიდიებით გლეხები ძალიან გაზარმაცდნენ, ქარი ამოვარდება თუ წვიმა მოვა, ტირიან და ყველაფერს ბუნებას აბრალებენ. როცა არის შხამქიმიკატები, სასუქები, რომლითაც მოსავლიანობის და ხარისხის ამაღლება შეიძლება, არის ორგანიზაციები, რომლებიც ძალიან დაბალპორცენტიან სესხებს იძლევიან, რატომ არ იყენებენ? ამით თხილის ექსპორტიც ზარალდება და ქვეყნის ბიუჯეტიც. გლეხმა თუ არ მოინდომა, მარტო სახელმწიფო ვერაფერს უშველის", - აღნიშნავს თხილის ექსპორტიორი.

როგორც ოზურგეთის რაიონის მკვიდრი - ფერმერი თემურ კვერღელიძე ამბობს, 2016 წელს თხილის ხარისხი გურიაშიც მოიკოჭლებდა.

"საერთოდ, თხილის ფასი გულზეა დამოკიდებული კარგად მოვლილი თხილის გამოსავლიანობაც მაღალია და მისი ფასიც. წელს ჩვენთან და თურქეთშიც კარგ მოსავალს ველოდებით. თურქები კვირტებს ითვლიან და მოსალოდნელ მოსავალს წინასწარ განსაზღვრავენ. შეხედეს, რომ კარგი მოსავალი ექნებათ და ძველი თხილი მაქსიმალურად გამოუშვეს ბაზარზე გასაყიდად. თურქები წელს 1 მილიონ ტონა მოსავალს ვარაუდობენ. ეს ძალიან დიდი მოსავალია, ამიტომ არც ერთ ვარიანტში ფასი არ მოიმატებს, ან გრიგალი უნდა მოვიდეს, ან ეს მოსავალი სტიქიამ უნდა გაანადგუროს, რომ თხილის ფასმა მოიმატოს და მისი ექსპორტიც გაიზარდოს. შარშანდელ თხილზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია: თხილს რომ 20-22% აქვს გამოსავლიანობა, იმას რა ფასი უნდა ჰქონდეს, ან საექსპორტოდ ვის სჭირდება? ჩვენმა ფერმერებმა ერთი რამ უნდა გაითვალისწინონ: თხილი ბუნებრივად ცვენას რომ დაიწყებს, მაშინვე უნდა დაიწყონ მისი მოგროვება, რადგან მიწაზე დაყრილი თხილი თანდათან ფუჭდება", - აცხადევს თემურ კვერღელიძე.

ხათუნა ჩიგოგიძე