ირაკლი კოვზანაძე - საქართველოს ეკონომიკამ კარგი სტარტი აიღო

საქართველოს პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი კოვზანაძის აზრით, საქართველოს ეკონომიკამ მიმდინარე წლის დასაწყისშივე კარგი სტარტი აიღო, რაც პირველი კვარტლის შედეგების გამოქვეყნებით კიდევ ერთხელ დადასტურდა.

„მიმდინარე წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა 5% შეადგინა. ამავდროულად, ექსპორტი გაიზარდა 30%-ით, თანაც აღსანიშნავია, რომ ექსპორტის ზრდის ტემპი დაახლოებით ორჯერ უსწრებს იმპორტის ზრდის ტემპს; 23%-ით არის გაზრდილი შემოსავლები ტურიზმიდან; 22%-ით არის გაზრდილი ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობა; საწარმოთა ბრუნვა (ანუ ბიზნესი ბრუნვა) მარტში გაიზარდა თითქმის 17%-ით; სასიკეთო ტრენდია მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის მიმართულებით“, - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

კოვზანაძემ ასევე აღნიშნა, რომ დადებითი შედეგები გვაქვს ბიუჯეტის კუთხითაც.

„2017 წლის პირველი კვარტლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების გეგმა შესრულებულია 6%-ის გადაჭარბებით, ანუ 152.7 მლნ. ლარით მეტის მობილიზება მოხდა. ეს მაჩვენებელი გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 496.2 მლნ ლარით, ანუ თითქმის 0.5 მილიარდი ლარით მეტია“, - განაცხადა კოვზანაძემ.

მისივე თქმით, საქართველოს ეკონომიკა პოზიტიურ შედეგებს აჩვენებს პრაქტიკულად ყველა მიმართულებით და ეს უკვე გამოკვეთილი ტენდენციაა. კოვზანაძე იმედოვნებს, რომ ზრდის პროცესი მომავალშიც შენარჩუნებული იქნება.