2016 წელს საქართველოს ეკონომიკის მნიშვნელოვან გამოწვევას დოლარიზაციის მაღალი დონე წარმოადგენდა

2016 წელს საქართველოს ეკონომიკის მნიშვნელოვან გამოწვევას დოლარიზაციის მაღალი დონე წარმოადგენდა , - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

ეროვნული ბანკის ყოველწლიურ ანგარიშში, რომელიც პარლამენტში შევიდა, აღნიშნულია, რომ დოლარიზაციის დაბალი დონე მნიშვნელოვანია მაკროეკონომიკური სტაბილურობისა და ფისკალური მდგრადობის შესანარჩუნებლად. ანგარიშის თანახმად, 2016 წლის ბოლოს მდგომარეობით სესხების დოლარიზაციის დონე 65.2 პროცენტი, ხოლო დეპოზიტების დოლარიზაცია - 71.4 პროცენტი იყო.

ანგარიშის თანახმად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მთავრობასთან ერთად შეიმუშავა ლარიზაციის ხელშეწყობის ღონისძიებების 10-პუნქტიანი გეგმა, რომელიც ლარის გრძელვადიანი რესურსის ხელმისაწვდომობის ზრდას, სავალუტო რისკების ადეკვატურ გადანაწილებასა და ლარით ფასდადების ხელშემწყობ ღონისძიებებს მოიცავს.

„ლარიზაციის წასახალისებლად საჭიროა ბაზარზე გრძელვადიანი ლარის რესურსის არსებობა. ამისათვის კი მნიშვნელოვანია კაპიტალის ბაზრების განვითარება და ბაზარზე ეროვნული ვალუტით დენომინირებული გრძელვადიანი ფასიანი ქაღალდების მზარდი მოცულობის არსებობა.

ეროვნულმა ბანკმა და მთავრობამ კაპიტალის ბაზრების განვითარების ერთობლივი სტრატეგია შეიმუშავეს. ლარის გრძელვადიანი რესურსის ზრდას დაგეგმილი საპენსიო რეფორმის განხორციელებაც შეუწყობს ხელს, რადგანაც გაიზრდება მოთხოვნა გრძელვადიან ინსტრუმენტზე და, შესაბამისად, კაპიტალის ბაზარზე გრძელვადიანი ლარის რესურსი გაჩნდება. ამასთანავე, საპენსიო რეფორმა ლარის დანაზოგებს გაზრდის. შედეგად, შემცირდება სხვაობა ინვესტიციებსა და დანაზოგებს შორის, რაც მიმდინარე ანგარიშის ბალანსს გააუმჯობესებს. ცალკე აღნიშვნის ღირსია ქვეყანაში სავალუტო რისკის შეფასებისა და ადეკვატური გადანაწილების საკითხი.

საქართველოში უცხოური ვალუტის სესხებით ძირითადად ისეთი მსესხებლები სარგებლობენ, რომლებიც შემოსავალს ეროვნული ვალუტით იღებენ და, უმეტეს შემთხვევაში, მათ მიერ ვერ ხერხდება სავალუტო რისკების გათვალისწინება და მართვა. აღნიშნულის საპასუხოდ მომზადდა საკანონმდებლო პაკეტი, რომლის მიხედვითაც 100 000 ლარამდე სესხების გაცემა 2017 წლის 17 იანვრიდან მხოლოდ ეროვნული ვალუტით არის შესაძლებელი. ასევე აღსანიშნავია, რომ საქართველოში ლარიზაციის შემაფერხებელ ერთ-ერთ ფაქტორს უძრავი ქონების ფასების უცხოური ვალუტით კვოტირება წარმოადგენს.

”მიუხედავად იმისა, რომ უძრავი ქონების ფასწარმოქმნა ეროვნული ვალუტით ხდება (მშენებლობის ხარჯების დიდი ნაწილი ეროვნული ვალუტით არის დენომინირებული), წლების მანძილზე ჩამოყალიბებული ჩვევის გამო, ბაზარზე ფასები უცხოური ვალუტით ცხადდება, რაც აფერხებს ბაზრის მუშაობას კურსის მერყეობის პერიოდებში. ამ მიმართულებით, შემუშავდა ახალი რეგულაცია, რომლის მიხედვითაც იურიდიული პირების მიერ ფასის გამოცხადება სავალდებულო იქნება მხოლოდ ლარით. მონეტარული პოლიტიკის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა კომუნიკაციის გააქტიურებას. ინფლაციის თარგეთირების რეჟიმის პირობებში კომუნიკაციას დიდი როლი აქვს, რადგანაც განსკუთრებით საყურადღებო ხდება საზოგადოებაში სწორი მოლოდინების ჩამოყალიბება და მართვა. თავის მხრივ, სწორი მოლოდინების ჩამოყალიბებას ეროვნული ბანკის მიმართ მაღალი სანდოობა, საზოგადოების ინფორმირებულობა და მონეტარული პოლიტიკის გადაწყვეტილებების პროგნოზირებადობა განაპირობებს. საზოგადოებასთან ეფექტიანი კომუნიკაციის წარმართვა ეროვნული ბანკის ერთ-ერთი პრიორიტეტია”, - აღნიშნულია ეროვნული ბანკის ყოველწლიურ ანგარიშში.