2016 წელს ეკონომიკური ზრდის მთავარი მამოძრავებელი სამშენებლო დარგი იყო

საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 2016 წელს 2.7 პროცენტი შეადგინა , - ამის შესახებ ეროვნული ბანკის 2016 წლის ანგარიშშია აღნიშნული. ოფიციალური მონაცემების თანახმად, ეკონომიკის ზრდაში ყველაზე დიდი წვლილი მომსახურების დარგებს (1.5 პროცენტული პუნქტი) მიუძღვის, თუმცა ასევე აღნიშნულია, რომ მნიშვნელოვანი იყო ინდუსტრიული დარგების წვლილი (1.2 პროცენტული პუნქტი).

”ეროვნული ბანკის” 2016 წლის ანგარიშის მიხედვით, ეკონომიკური ზრდის მთავარი მამოძრავებელი სამშენებლო დარგი იყო, რომელიც წლის განმავლობაში 8.1 პროცენტით გაიზარდა და ყველაზე დიდი, 0.6 პროცენტული პუნქტის ტოლი, წვლილი შეიტანა ეკონომიკურ ზრდაში. მშენებლობის ზრდა მაღალი იყო როგორც მთავრობის მიერ დაფინანსებული ინფრასტრუქტურული პროექტების, ასევე კერძო სექტორის მშენებლობების შედეგად, რომელთაგან აღსანიშნავია ბრიტიშ პეტროლეუმის ახალი მილსადენის პროექტი.

მშპ-ს ზრდაში ასევე მნიშვნელოვანი წვლილი (0.4 პროცენტული პუნქტი) შეიტანა დამამუშავებელმა მრეწველობამ. 2015 წლისგან განსხვავებით, ამ დარგმა 2016 წელს მატება (4.8 პროცენტი) აჩვენა და ეკონომიკის ზრდის ერთ-ერთი მთავარი კონტრიბუტორი იყო. წლის მეორე ნახევარში მომატებულმა საგარეო მოთხოვნამ დადებითად იმოქმედა ექსპორტზე და ვინაიდან ძირითადი საექსპორტო პროდუქცია დამამუშავებელ მრეწველობაზე მოდის, ექსპორტზე მოთხოვნის ზრდამ დამამუშავებელი მრეწველობის ზრდა განაპირობა. მიუხედავად იმისა, რომ 2016 წლის IV კვარტალში სამთო-მოპოვებითი მრეწველობა შემცირდა, წლის პირველ ნახევარში არსებული მაღალი ზრდის ტემპის გამო, მთლიანად წლის განმავლობაში ის მაინც მნიშვნელოვნად გაიზარდა და მის ზრდას ძირითადად ოქროს ექსპორტი განაპირობებდა.

უმსხვილესი დარგის, ვაჭრობის ზრდის ტემპი წინა წელთან შედარებით გაიზარდა და 1.8 პროცენტი შეადგინა. ვაჭრობის ზრდა მნიშვნელოვანია საქართველოს ეკონომიკისთვის, რადგანაც ამ დარგში კერძო სექტორში დასაქმებულთა ყველაზე დიდი ჯგუფი მუშაობს. 2016 წელს აღსანიშნავია საფინანსო საქმიანობის დარგის მაღალი ზრდა, რამაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ეკონომიკის ზრდაში (ზრდა 9.3 პროცენტი, წვლილი - 0.3 პროცენტული პუნქტი).

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, წლის განმავლობაში (განსაკუთრებით მეორე ნახევარში) მცირდებოდა საპროცენტო განაკვეთები სესხებზე, რამაც გაზარდა მოთხოვნა სესხებზე, განსკუთრებით უძრავი ქონების ბაზრის მხრიდან. შედეგად, წლის განმავლობაში ამ უკანასკნელი დარგის ზრდამ 6.8 პროცენტი შეადგინა (წვლილი მშპ-ს ზრდაში - 0.4 პროცენტული პუნქტი). სასტუმროები და რესტორნების დარგში ყველაზე მაღალი ზრდა დაფიქსირდა, რაც ზოგადად ტურიზმის და ტურისტული შემოსავლების მატების შედეგია. მომსახურების სექტორიდან აღსანიშნავია სატრანსპორტო მომსახურების დარგის შემცირება, რაც ძირითადად სარკინიგზო გადაზიდვების ხარჯზე მოდის.