მსოფლიო ბანკი საქართველოში მიმდინარე ეკონომიკურ რეფორმებს მხარს უჭერს

საქართველოს მთავრობასა და მსოფლიო ბანკს შორის 47.2 მლნ ევროს ოდენობის განვითარების პოლიტიკის ღონისძიების ფინანსირების ხელშეკრულებას მოეწერა ხელი, რომელიც მთავრობის ეკონომიკური რეფორმების პროგრამის მხარდაჭერას ისახავს მიზნად.

ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა და მსოფლიო ბანკის სამხრეთ კავკასიის რეგიონულმა დირექტორმა, მერსი ტემბონმა.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” ფინანსთა სამინისტროდან აცნობეს, ეს გახლავთ ინკლუზიური ზრდის პროგრამული განვითარების პოლიტიკის მეორე ღონისძიება (DPO2). პროექტი მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ 2017 წლის 28 აპრილს დაამტკიცა.

„განვითარების პოლიტიკის ღონისძიება“ მხარს უჭერს საქართველოს მთავრობის 4-პუნქტიან გეგმას და მის ფარგლებში მიმდინარე რეფორმებს. ის, ძირითადად, მიმართულია სახელმწიფო ორგანიზაციების ფისკალური ზედამხედველობის გაძლიერებასა და საჯარო სამსახურის ბიუჯეტირების გაუმჯობესებაზე, აგრეთვე მოსახლეობისთვის სოციალური მომსახურების ხარისხის ამაღლებაზე.

„მსოფლიო ბანკი საქართველოში მიმდინარე რეფორმების ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერია. ოთხპუნქტიანი გეგმის ფარგლებში, საქართველოს მთავრობა ახორციელებს რეფორმებს განათლების, საჯარო მმართველობის, ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებისა და ინფრასტრუქტურის მიმართულებით, რამაც, საბოლოო ჯამში, ეკონომიკური ზრდის დაჩქარება, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა და ჩვენი მოქალაქეებისთვის მეტი შესაძლებლობის გაჩენა უნდა უზრუნველყოს“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

მისი თქმით, აღნიშნული რეფორმების განხორციელების მიზნით, მსოფლიო ბანკი საქართველოს მხარდაჭერას უწევს სახელმწიფო ინსტიტუტების ფისკალური ზედამხედველობის გაძლიერების, ბიუჯეტირებისა და საჯარო სამსახურის რეფორმის, სოციალური სერვისების ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით.

„დღეს ხელმოწერილი შეთანხმება აღნიშნული მხარდაჭერის კიდევ ერთი დასტურია“, - აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

„აღნიშნული ღონისძიება ამყარებს მთავრობის მზაობას მაკრო-ფისკალური სისტემის სტაბილურობის შენარჩუნებისა და სტრუქტურული რეფორმების გაგრძელებისთვის,“ - აღნიშნა მსოფლიო ბანკის სამხრეთ კავკასიის რეგიონულმა დირექტორმა, მერსი ტემბონმა.

მისივე თქმით, „რეფორმები ფისკალურ და სოციალურ სფეროებში გააუმჯობესებს საქართველოს მაჩვენებლებს მომდევნო წლებში და აამაღლებს ცხოვრების სტანდარტებს საკუთარი მოქალაქეებისთვის.“

ინკლუზიური ზრდის მიღწევა მოითხოვს მაკროეკონომიკურ სტაბილურობას, ინვესტიციებს ადამიანურ კაპიტალში და კერძო სექტორის განვითარებას. მიმდინარე ღონისძიება მხარს უჭერს საქართველოს მთავრობას აღნიშნული მიზნების მიღწევაში. დღეს ხელმოწერილი ფინანსირების ხელშეკრულება ემყარება განვითარების პოლიტიკის წინა ღონისძიებებს, რომლებიც მიმართული იყო კონკურენტუნარიანობის ამაღლებისკენ მდგრადი ეკონომიკური განვითრების მისაღწევად.

მთავრობის მიერ შემუშავებული რეფორმების პროგრამა შესაბამისობაშია მის ოთხპუნქტიან გეგმასთან და ასახულია საქართველოსთან მსოფლიო ბანკის 2014–2017 წლების პარტნიორობის სტრატეგიაში.

რეფორმის სფეროები შერჩეულ იქნა მსოფლიო ბანკის ჩართულობით და განისაზღვრა ქვეყნის მიერ მათი განხორციელების შესაძლებლობების შეფასების საფუძველზე.

დაფინანსება განხორციელდება რეკონსტრუქციის და განვითარების საერთაშორისო ბანკის (IBRD) მეშვეობით.

მსოფლიო ბანკის საქართველოში განხორციელებულმა კაპიტალდაბანდებებმა 1992 წლის შემდეგ, დაახლოებით, 2.27 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა.