საქართველოში ერთ ადგილობრივ მოსახლეზე დაახლოებით, 1,5 ტურისტი მოდის

ბრიტანული გამოცემა "ტელეგრაფის" რეიტინგში საქართველო 37-ე პოზიციაზეა იმ ქვეყნებს შორის, სადაც ტურისტების რაოდენობა ადგილობრივი მოსახლეობის რაოდენობას აჭარბებს.

რეიტინგში საქართველოს კოეფიციენტი 1.499320468-ით განისაზღვრა, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთ ადგილობრივ მოსახლეზე დაახლოებით, 1,5 ტურისტი მოდის. დაანგარიშების მექანიზმი მარტივია - ტურისტების წლიური რაოდენობა მოსახლეობის საერთო რაოდენობაზე იყოფა.

რეიტინგის ლიდერია ანდორა, სადაც მხოლოდ 70 000 მოსახლე ცხოვრობს. ანდორამ გასულ წელს 2,36 მილიონი ტურისტი მიიღო. მეორე პოზიციას ჩინეთის ავტონომიური ერთეული მაკაო იკავებს, რომელიც ნახევარკუნძულისა და რამდენიმე პატარა კუნძულისგან შედგება და ტურისტებს შორის ცნობილია, როგორც გემბლინგის ჰაბი. ხუთეულში ასევე შედიან ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულები, ტერქსისა და კაიკოსის კუნძულები  და არუბა.

ალბათ, ბევრისთვის გასაკვირი იქნება ხუთეულის ასეთი შემადგენლობა. მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამ რეიტნგში შემავალ ქვეყნებში ტურისტების რაოდენობა მაღალია ადგილობრივ მოსახლოებასთან შედარებით. რეალურად კი გასულ წელს ყველაზე მეტი ტურისტი მიიღო საფრანგეთმა, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ესპანეთმა, ჩინეთმა და იტალიამ.