დიმიტრი ქუმსიშვილმა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა საქართველოში ბანკის საქმიანობა განიხილეს

საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა, ფილიპ ბენეტმა საქართველოში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის საქმიანობა განიხილეს.

როგორც ფინანსთა სამინისტრო იუწყება, შეხვედრა კვიპროსის ქალაქ ნიქოზიაში ბანკის წლიური ფორუმის ფარგლებში მოეწყო.

შეხვედრაზე პირველმა ვიცე-პრემიერმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა ვრცლად ისაუბრა საქართველოს მთავრობის 4-პუნქტიან გეგმასა და იმ რეფორმებზე, რომლებიც მის ფარგლებში ხორციელდება. აღინიშნა, რომ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი ნდობას უცხადებს აღნიშნულ პოლიტიკას, რაც აისახა ბანკის 2016 წლის დეკემბერში მიღებულ სტრატეგიაში საქართველოს შესახებ. აღნიშნული სტრატეგია ეფუძნება მთავრობის 4-პუნქტიან გეგმას, მის მიზნებსა და ამოცანებს.

მათივე თქმით, დიმიტრი ქუმსიშვილმა დადებითად შეაფასა საქართველოში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის საქმიანობა. აღინიშნა, რომ ბანკის მიერ განხორციელებული პროექტები ხელს უწყობს საქართველოს ეკონომიკის განვითარებას, რაც ჯამურად 3 მლრდ ევროს მოცულობის 200 პროექტს წარმოადგენს. ბანკი წარმოდგენილია საქართველოს ეკონომიკის ისეთ მნიშვნელოვან სექტორებში, როგორიცაა: ენერგეტიკა, მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარება, საბანკო სექტორი, სოფლის მეურნეობა და სხვა. ამასთან, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი საქართველოს კერძო სექტორის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელია. შეხვედრაზე აღინიშნა, ბანკის მნიშვნელოვანი წვლილი საქართველოში კაპიტალის ბაზრის განვითარების, დეპოზიტების დაზღვევის სისტემისა და საჯარო-კერძო თანამშრომლობის ჩარჩო მექანიზმის ამოქმედების მიმართულებით.

შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა განიხილეს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიმდინარე და სამომავლო პროექტები.