2017 წელს ეკონომიკის ზრდა 4%-ის ფარგლებში იქნება

ეროვნული ბანკის პროგნოზით, მიმდინარე წელს ეკონომიკური ზრდა 4%-ის ფარგლებშია. ამის შესახებ ეროვნული ბანკის მაისის მონეტარული პოლიტიკის ანგარიშშია ნათქვამი.

„მოსალოდნელია, რომ 2017 წელს მშპ-ს ზრდაში მცირე, თუმცა პოზიტიურ წვლილს შეიტანს წმინდა ექსპორტი. აღნიშნული უარყოფითი წვლილით ხასიათდებოდა 2013 წლის შემდეგ, საგარეო შოკის დაწყებიდან. საგარეო სექტორში არსებული სირთულეების განეიტრალების ფონზე, მოსალოდნელია, რომ წმინდა ექსპორტი ზომიერად გაუმჯობესდება და 2017 წლის რეალური მშპ-ს ზრდაში მცირე, თუმცა დადებით წვლილს შეიტანს. წინა წლებში წმინდა ექსპორტზე უარყოფითად მოქმედებდა რეგიონში არსებული გამწვავებული პოლიტიკური და ეკონომიკური ვითარება, რაც ქართულ ექსპორტზე მოთხოვნასა და ფულად გზავნილებზე აისახებოდა. წმინდა ექსპორტის უარყოფით წვლილს ხელს უწყობდა ასევე ფისკალური სტიმული და მოხმარების ზრდა.

თუმცა აღნიშნული ფაქტორების უარყოფითი გავლენა საბოლოოდ დაბალანსდა, ერთი მხრივ, საერთაშორისო ბაზრებზე მნიშვნელოვან სასაქონლო ჯგუფებზე, 2014 წელთან შედარებით, დაბალი ფასებით (რაც დადებითად მოქმედებს როგორც მიმდინარე ანგარიშზე, ასევე ეკონომიკის ყველა სექტორზე), ხოლო მეორე მხრივ, რეალური ეფექტური გაცვლითი კურსის გასულ პერიოდში მომხდარი კორექტირებით,“-  ნათქვამია ანგარიშში.

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის „რეგიონალური ეკონომიკური პერსპექტივები“ თანახმად, საქართველოს მშპ-ს ზრდა წელს 3.9%-ს შეადგენს. ეს მაჩვენებელი 2016 წლის ნოემბერში გამოქვეყნებულ პროგნოზთან შედარებით არ შეცვლილა. EBRD-ის პროგნოზით, 2018 წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდა 4,2%-ს შეადგენს.