მსოფლიო ბანკის პროგნოზით, მიმდინარე წელს საქართველოში ეკონომიკური ზრდა 3.5%-ს მიაღწევს

2017 წელს საქართველოში ეკონომიკური ზრდის დაჩქარებაა მოსალოდნელი და ზრდა 3,5%-ს მიაღწევს.

ამის შესახებ მსოფლიო ბანკის ანგარიშში "ვაჭრობა გარდამავალ პერიოდში" არის ნათქვამი.

ანგარიშის თანახმად, ზრდა განპირობებული იქნება საგარეო მოთხოვნით და სახელმწიფო ინვესტიციებით. 

მსოფლიო ბანკის პროგნოზით,  2018 წელს  საქართველოში ეკონომიკური ზრდა 4.0 პროცენტს, ხოლო 2019 წელს 4.5 პროცენტს მიაღწევს.

”ინვესტიციების ზრდა, საექსპორტო ბაზრების გამოცოცხლება და ნავთობპროდუქტებზე ფასების მატება ქვეყნის სავაჭრო პარტნიორების ეკონომიკურ წინსვლას განაპირობებს. ეს კი, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს მისი ეკონომიკური ზრდის დაჩქარებას. აღნიშნული ტენდენცია, ასევე მოსალოდნელია ევროპასა და ცენტრალურ აზიაში ნავთობზე ფასების სტაბილიზაციის შემდეგ, რაც სარგებელს მოუტანს რეგიონის აღმოსავლეთ ნაწილს და ხელს შეუწყობს ეკონომიკის აღმასვლას დასავლეთ ნაწილში. ზრდის პროგნოზი 2017 წელს 1.9 პროცენტი (რაც 0.3 პროცენტით მეტია ოქტომბრის პროგნოზთან შედარებით) იქნება და 2018 წლის განმავლობაში 1.8 პროცენტის ფარგლებში სტაბილურობას შეინარჩუნებს,” - ნათქვამია მსოფლიო ბანკის ანგარიშში.

„გარკვეული პერიოდის შემდეგ საქართველოს მაკროეკონომიკური მდგომარეობა კვლავ ჩვეულ რიტმს დაუბრუნდა, და ხელს უწყობს ეკონომიკური ეფექტიანობის ამაღლებას. სამომავლოდ, ქვეყანას აქვს სწრაფი ეკონომიკური განვითარების პოტენციალი, ვინაიდან საქართველო დანარჩენ მსოფლიოსთან ერთად წარმატებით განახორციელებს ექსპორტს, რომელიც ინოვაციებსა და ცოდნაზე იქნება დამყარებული,“ - განაცხადა მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში მერსი ტემბონმა.