აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკმა ნიუ იორკის სასამართლოში გაკოტრების შესახებ განცხადება შეიტანა

აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკმა (ასბ) ნიუ იორკის სასამართლოში გაკოტრების შესახებ განცხადება შეიტანა და სასამართლოს 3,34 მილიარდი დოლარის ოდენობის საგარეო ვალის რესტრუქტურიზაციის პროცესში მხარდაჭერისთვის მიმართა.

The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, ასბ-ს პრობლემები ნავთობზე ფასების ვარდნითა და აზერბაიჯანული მანათის დევალვაციის გამოწვეულმა ზარალმა შეუქმნა.

სასამართლოს თანხმობის შემთხვევაში, აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი შეძლებს ისარგებლოს აშშ-ის კანონმდებლობის შესაბამისად, რაც ასევე ითვალისწინებს სასამართლო პროცესებისა და კრედიტორების ჩარევის შეჩერებას.

აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკის აქციების საკონტროლო პაკეტი ქვეყნის მთავრობას ეკუთვნის. ბანკი 1992 წლიდან არის ბაზარზე და აზერბაიჯანის ორი სახელმწიფო ბანკიდან ერთ-ერთია.

2007 წლიდან აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი საქართველოში „აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი - საქართველოს“ სახელით ახორციელებს საბანკო საქმიანობას. ბანკი "ასბ - საქართველოს" საქმიანობის ძირითად მიზანს წარმოადგენს აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის შემდგომი მრავალმხრივი გაღრმავების ხელშეწყობა, აზერბაიჯანულ-ქართული თანამშრომლობის პოტენციური მონაწილე კომპანიების მხარდაჭერით.