აპრილში საარსებო მინიმუმი 1 ლარით გაიზარდა

საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი მიმდინარე წლის აპრილში 151 ლარითა და 30 თეთრით განისაზღვრა, რაც წინა თვის მონაცემზე 1 ლარით მეტია.

საქსტატის მონაცემებით, გასული წლის აპრილთან შედარებით, ეს მაჩვენებელი 8 ლარითა და 50 თეთრით გაიზარდა.

საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმმა 2017 წლის აპრილში 286 ლარი და 50 თეთრი შეადგინა, რაც მარტის მაჩვენებლზე 1 ლარითა და 80 თეთრით მეტია, წინა წლის ამავე პერიოდის მონაცემზე კი 16 ლარითა და 10 თეთრით მეტი.

შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმმა მიმდინარე წლის აპრილში 170 ლარი და 80 თეთრი შეადგინა, რაც წინა თვის მონაცემზე 1 ლარითა და 10 თეთრით მეტია, ხოლო გასული წლის ამავე მაჩვენებელზე 9 ლარითა და 60 თეთრით მეტი.

ოჯახის ტიპების მიხედვით საარსებო მინიმუმი აპრილის თვეში ასე გადანაწილდა: ერთსულიანი ოჯახი -151 ლარი და 30 თეთრი, ორსულიანი ოჯახი - 241 ლარი და 10 თეთრი, სამსულიანი ოჯახი - 272 ლარი და 30 თეთრი, ოთხსულიანი ოჯახი - 302 ლარი და 60 თეთრი, ხუთსულიანი ოჯახი - 340 ლარი და 40 თეთრი, ექვსსულიანი ოჯახი - 402 ლარი და 40 თეთრი.

2004 წლიდან საქსტატი საარსებო მინიმუმის მაჩვენებლებს ანგარიშობს იმ მინიმალური სასურსათო კალათის მიხედვით, რომელიც განსაზღვრულია და დადგენილია "საკვებ ნივთიერებებსა და ენერგიაზე ორგანიზმის ფიზიოლოგიური მოთხოვნილებებისა და საარსებო მინიმუმის განსაზღვრისათვის საჭირო სასურსათო კალათის შემადგენლობის ნორმებისა და ნორმატივების დამტკიცების შესახებ" საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანების შესაბამისად.