„საქსტატი“ - იანვარ-აპრილში საგარეო სავაჭრო ბრუნვა წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 17 პროცენტით მეტია

2017 წლის იანვარ-აპრილში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 3091 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 17 პროცენტით მეტია.

საქსტატის ინფორმაციით, აქედან, ექსპორტი 788 მლნ აშშ დოლარს შეადგენს (30 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 2303 მლნ აშშ დოლარს (13 პროცენტით მეტი).

საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2017 წლის იანვარ-აპრილში 1515 მლნ აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 49 პროცენტი შეადგინა. ამავე პერიოდში ექსპორტმა რეექსპორტის გარეშე 636 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 30 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს.

2017 წლის იანვარ-აპრილში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 849 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 19 პროცენტით მეტია. აქედან ექსპორტი 195 მლნ აშშ დოლარი იყო (33 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 654 მლნ აშშ დოლარი (15 პროცენტით მეტი).

საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში ამ ქვეყნების წილმა 27 პროცენტი შეადგინა, მათ შორის ექსპორტში 25 პროცენტი და იმპორტში 28 პროცენტი (2016 წლის იანვარ-აპრილში შესაბამისად 27, 24 და 28 პროცენტი). ევროკავშირის ქვეყნებზე მოდიოდა სავაჭრო დეფიციტის 30 პროცენტი (2016 წლის იანვარ-აპრილში 29 პროცენტი).

დსთ-ის ქვეყნებთან საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2017 წლის იანვარ-აპრილში 1027 მლნ აშშ დოლარი შეადგინა (2016 წლის იანვარ-აპრილთან შედარებით 35 პროცენტით მეტი). აქედან ექსპორტი 295 მლნ აშშ დოლარი (61 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 731 მლნ აშშ დოლარი იყო (27 პროცენტით მეტი).

საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში დსთ-ის ქვეყნების წილი 33 პროცენტი იყო, მათ შორის ექსპორტში 37 პროცენტი და იმპორტში 32 პროცენტი (2016 წლის იანვარ-აპრილში შესაბამისად 29, 30 და 28 პროცენტი). 2017 წლის იანვარ-აპრილში დსთ-ის ქვეყნებზე მოდიოდა სავაჭრო დეფიციტის 29 პროცენტი (2016 წლის იანვარ-აპრილში 27 პროცენტი).

2017 წლის იანვარ-აპრილში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 66 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორებია თურქეთი (452 მლნ აშშ დოლარი), რუსეთი (341 მლნ აშშ დოლარი) და აზერბაიჯანი (273 მლნ აშშ

დოლარი).

2017 წლის იანვარ-აპრილში, სასაქონლო ჯგუფებიდან, საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა, 139 მლნ აშშ დოლარი და მთელი ექსპორტის 18 პროცენტი შეადგინა. ფეროშენადნობების ექსპორტი 111 მლნ აშშ დოლარს და შესაბამისად, მთლიანი ექსპორტის 14 პროცენტს უდრიდა. მესამე ადგილზე მსუბუქი ავტომობილების ჯგუფი იმყოფებოდა. ამ სასაქონლო ჯგუფის ექსპორტმა 47 მლნ აშშ დოლარი და მთელი ექსპორტის 6 პროცენტი შეადგინა.

უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2017 წლის იანვარ-აპრილში ნავთობი და ნავთობპროდუქტები იყო, რომლის იმპორტმა 180 მლნ აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 8 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილზე იმყოფებოდა ნავთობის აირების და აირისებრი ნახშირწყალბადების სასაქონლო ჯგუფი 158 მლნ აშშ დოლარით, რაც იმპორტის 7 პროცენტი იყო. მესამე ადგილზე მსუბუქი ავტომობილების სასაქონლო ჯგუფი დაფიქსირდა 145 მლნ აშშ დოლარით (იმპორტის 6 პროცენტი).