გიორგი კვირიკაშვილი მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, იორდანიაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელს, პროფესორ კლაუს შვაბს შეხვდა.

როგორც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია იუწყება, შეხვედრაზე საუბარი შეეხო მსოფლიოში მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებს, რეგიონულ თანამშრომლობას და საქართველოს მონაწილეობას რეგიონული მნიშვნელობის პროექტებში.

მხარეებმა "აბრეშუმის გზის" პროექტში საქართველოს როლზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ საქართველოს აქვს პოტენციალი, იყოს კონკურენტული სატრანზიტო დერეფანი აზიიდან ევროპაში ტვირთების გადაზიდვის პროცესში. შეხვედრისას ასევე ყურადღება დაეთმო საქართველოში მიმდინარე რეფორმებს, რომლებსაც მთავრობა სწრაფი ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობის მიზნით ახორციელებს.