საქართველოსა და თურქეთს შორის ეკონომიკური და ვაჭრობის კომისიის დაფუძნების დეკლარაცია გაფორმდა

თურქეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის, ბინალი ილდირიმის საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში ხელი მოეწერა რამდენიმე მნიშვნელოვან დოკუმენტს , მათ შორის ეკონომიკური და ვაჭრობის კომისიის (JETCO) დაფუძნების შესახებ ერთობლივ დეკლარაციას. დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ და თურქეთის ეკონომიკის მინისტრმა ნიჰათ ზეიბექჩიმ.

როგორც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო იუწყება, დოკუმენტის ხელმოწერამდე ორი ქვეყნის ეკონომიკის მინისტრების პირისპირ შეხვედრა გაიმართა, სადაც საქართველოსა და თურქეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, გიორგი გახარიამ და ნიჰათ ზეიბექჩიმ საქართველოსა და თურქეთს შორის გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფართოების შესახებ ისაუბრეს, რომელიც საქონლით ვაჭრობის შემდგომ ლიბერალიზაციას და ასევე მომსახურებით ვაჭრობის ლიბერალიზაციის დამატებას ითვალისწინებს. ამ საკითხებზე ორ ქვეყანას შორის მოლაპარაკებები დაწყებულია და მხარეები შეთანხმდნენ, რომ მაქსიმალურად დაჩქარდება თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაში აღნიშნული ცვლილებების განხორციელების, ასევე საქართველოსა და თურქეთს შორის სერვისებით ვაჭრობის ლიბერალიზაციის პროცესი.