მარკ ცუკერბერგი - აშშ-მა საყოველთაო საბაზო შემოსავალი უნდა შემოიღოს

„ფეისბუქის“ დამაარსებლის მარკ ცუკერბერგის განცხადებით, აშშ-მა „საყოველთაო საბაზო შემოსავლი“ უნდა შემოიღოს.

ამის შესახებ ცუკერბერგმა ჰარვარდის უნივერსიტეტის დიპლომის აღებისას სიტყვის გამოსვლის დროს განაცხადა.

„ჩვენ უნდა გვყავდეს საზოგადოება, სადაც პროგრესის საზომი არა ეკონომიკური მაჩვენებლებია, როგორიც მშპ-ია, არამედ ის, თუ რამდენი ჩვენგანი თამაშობს იმ როლს, რომელიც მნიშვნელოვნად მიაჩნია. ჩვენ უნდა ვიმუშავოთ ისეთ იდეებზე, როგორიც საყოველთაო საბაზო შემოსავალია, რათა ყველას მივცეთ სიახლეების მოსინჯვის საშუალება“, - განაცხადა მარკ ცუკერბერგმა.

მისი თქმით, ბევრი ადამიანი ვერ რისკავს საკუთარი ბიზნესის დაწყებას, რადგან მათ უკან ოჯახები დგას, ფინანსური რისკების დაზღვევა კი მათ არ შეუძლიათ. „ფეისბუქის“ დამფუძნებელი მიიჩნევს, რომ საყოველთაო საბაზო შემოსავალი ამ ადამიანებს ფინანსური რისკებისგან დააზღვევს.

ქვეყნებში, სადაც საყოველთაო საბაზო შემოსავალი მოქმედებს, ხელისუფლება ქვეყნის ყველა ზრდასრულ მოქალაქეს გარკვეულ თანხას უხდის იმის მიუხედავად, არიან თუ არა ისინი დასაქმებულები.

მარკ ცუკერბერგმა ჰარვარდის უნივერსიტეტში ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე 2002 წელს ჩააბარა, თუმცა 2004 წელს „ფეისბუქის“ შექმნის შემდეგ ცუკერბერგმა ჰარვარდში სწავლა მიატოვა. თავდაპირველად ცუკერბერგმა სოციალური ქსელი სწორედ ჰარვარდის სტუდენტებისთვის შექმნა, თუმცა დღეს „ფეისბუქის“ მომხმარებელთა რაოდენობა მსოფლიოში 2 მილიარდს აღწევს. ცუკერბერგის ქონება კი დაახლოებით 62 მილიარდი დოლარია.