ტრამპი - გერმანელები მილიონობით მანქანას ყიდიან ამერიკაში და ამას შევაჩერებთ

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, გერმანელები ძალიან ცუდები არიან. ინფორმაციას ამის შესახებ გერმანული გამოცემა „შპიგელი“ ავრცელებს.

„გერმანელები ცუდები, ძალიან ცუდები არიან. ისინი მილიონობით მანქანას ყიდიან ამერიკაში. ეს საშინელებაა და ჩვენ ამას შევაჩერებთ“, - ციტირებს გამოცემა ტრამპის სიტყვებს წყაროზე დაყრდნობით.

მოგვიანებით, ევროკომისიის პრეზიდენტი ჟან-კლოდ იუნკერი შეეცადა ტრამპის ნათქვამის ახსნას. მისი თქმით, აშშ-ის პრეზიდენტს მხედველობაში არ ჰქონდა, რომ ყველა გერმანელი ცუდია და ის მხოლოდ ერთ კონკრეტულ პრობლემასთან მიმართებაში საუბრობდა ასე. იუნკერმა ასევე განაცხადა, რომ პრობლემა იყო თარგმანში.