რას მოუტანს საქართველოს ახალი თბოსადგური?

„საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი“ ნახშირზე მომუშავე თბოსადგურის პროექტზე მუშაობს, რომლის ღირებულება დაახლოებით 200 მილიონი დოლარია, თბოსადგურის სიმძლავრე 150-300 მეგავატი იქნება.

ახალი თბოსადგური გარდაბანში იმუშავებს და ტყიბულის მაღაროებში მოპოვებული ნახშირით მომარაგდება. პროექტის ავტორები აცხადებენ, რომ თბოსადგურის მშენებლობა წელს დაიწყება და დაახლოებით ორი წლის ვადაში დასრულდება. პროექტს „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის“ მიერ დაფუძნებული კომპანია „სიპაუერი“ ახორციელებს, რომელმაც სახელმწიფოსთან ელექტროენერგიის შესყიდვაზე ხელშეკრულება უკვე გააფორმა. რას შეცვლის საქართველოს ენერგეტიკაში ახალი ნახშირის თბოსადგურის ამოქმედება?

როგორც ენერგეტიკისა და ელექტროინჟინერიის დოქტორი მირონ ფირცხელანი ამბობს, შერეული ენერგოსისტემის შექმნა ყველა ქვეყნისთვის ერთადერთი, გონივრული გამოსავალია.

"ქვეყანაში ჰიდროელექტროსადგურებიც უნდა იყოს და სხვადასხვა ტიპის თბოსადგურებიც. როდესაც ერთ-ერთი ენერგიის წყაროს დეფიციტი შეიქმნება, მას მეორე ჩაანაცვლებს. თუ ნახშირის თბოსადგურიც გვექნება, ის ამ სისტემის ერთ-ერთი რგოლი გახდება. ნახშირი მსოფლიოში ნაკლებად მოთხოვნადი ნედლეულია მისი ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლებიდან გამომდინარე: მას იმხელა კალორიულობა არა აქვს, როგორც გაზს, ამასთან, მისი მოპოვებაც რთულია და დამუშავებაც. იგი ეკოლოგიური თვალსაზრისითაც მოიკოჭლებს, რადგან გარემოზე უარყოფით ზეგავლენას ახდენს, ამიტომ, ნახშირის საწარმო ფილტრის გარეშე ვერ იმუშავებს. ამ ნაკლის მიუხედავად, ევროპაში, კერძოდ, გერმანიაში, ჩეხეთში და სხვა ქვეყნებში ძალიან კარგად ამუშავებენ ნახშირის თბოსადგურებს. ის ქვეყნები, რომლებსაც ნავთობი და გაზი არა აქვთ, ძალიან კარგად იყენებენ ამ საწვავს", - აღნიშნავს მირონ ფირცხელანი.

ენერგეტიკოსის თქმით, ნახშირის გამოყენება ენერგეტიკაში აპრობირებული მეთოდია.

"ადრე ასეთი თბოსადგური საქართველოში ორ ადგილას იყო: ერთი - ტყვარჩელში და მეორე - გარდაბანში. ძალიან კარგია ისიც, რომ ნახშირი აქვე, ტყიბულში მოიპოვება და ადგილობრივი ნედლეული იმპორტირებულ ბუნებრივ აირს ჩაანაცვლებს. ეს საქართველოს ენერგოუსაფრთხოებასაც გაზრდის, ოღონდ ერთი რამ უნდა გავითვალისწინოთ: თუ მესაკუთრე უცხოელი იქნება, ის თავისუფლად შეძლებს გამომუშავებული ენერგია სხვა ქვეყნებში გაიტანოს და გაყიდოს", - ამბობს მირონ ფირცხელანი.

ენერგეტიკის აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი ანზორ ჭითანავა მიიჩნევს, რომ ამ პროექტის განხორციელება ძალიან კარგი, დადებითი მოვლენა იქნება.

"დღეს მთელ მსოფლიოში ადგილობრივ რესურსებს ანიჭებენ უპირატესობას. ნახშირიც ჩვენი, ადგილობრივი რესურსია, რომელიც საკმარისი რაოდენობით გვაქვს. ამიტომ, თავისუფლად შეიძლება ეს რესურსი ელექტროენერგიის მისაღებად გამოვიყენოთ. ნახშირის თბოსადგურის ამოქმედებით ჩვენს ენერგოსისტემას ახალი სიმძლავრე შეემატება, რომელიც ამ სისტემის მდგრადობას და საიმედოობას უზრუნველყოფს. ბოლო ათწლეულებში საქართველოში ნახშირის მრეწველობამ უკუსვლა განიცადა და ახლა ამ საქმის განვითარება სასიცოცხლო მნიშვნელობის ამოცანაა. ახალი თბოსადგურის დახმარებით ენერგოსისტემა უფრო დაბალანსებული გახდება. 150-300 მეგავატის სიმძლავრის თბოსადგური უფრო ეფექტიანს გახდის ჩვენი ელექტროსისტემის ფუნქციონირებას", - აღნიშნავს ანზორ ჭითანავა.

ანზორ ჭითანავას აზრით, პროექტს ერთი ხარვეზი აქვს - ნახშირის თბოსადგური გარდაბანში კი არა, ტყიბულში უნდა ამუშავდეს.

"თბოსადგურის გახსნა გარდაბანში უნდათ, მაგრამ მე ამ გადაწყვეტილებას ვეწინააღმდგები როგორც სპეციალისტი და როგორც მოქალაქე. ეს სადგური აუცილებლად უნდა აშენდეს ტყიბულში - იმ მიდამოებში, სადაც ნახშირი მოიპოვება. ამით მრეწველობა უფრო განვითარდება, ტყიბულის მოსახლეობასაც მუდმივი შემოსავლის წყარო გაუჩნდება და ეს მთელი ქვეყნის ეკონომიკისთვის სასიკეთო იქნება. დღეს ნახშირის მრეწველობა საქართველოში ვერ აკმაყოფილებს იმ მოთხოვნას, რომელიც მასზე არსებობს. უნდა გავითვალისწინოთ, რომ ნახშირის თბოელექტროსადგურის მშენებლობა უფრო იაფი ჯდება, ვიდრე ჰიდროელექტროსადგურისა, ამას არც იმდენი დრო სჭირდება, მაგრამ თვითონ ამ ნედლეულის მოპოვებაა რთული და შრომატევადი საქმე. მიუხედავად ამისა, ნახშირის თბოსადგურის აშენება ჩვენი ეკონომიკის გაჯანსაღებას და წინსვლას გამოიწვევს", - მიიჩნევს ენერგეტიკოსი.

ანზორ ჭითანავას შეფასებით, ნახშირის თბოსადგურის ამოქმედება ყველა პარამეტრით მისასალმებელი გადაწყვეტილებაა.

"ზამთარში, როცა ელექტროენერგიის დეფიციტი გვაქვს, ნახშირის თბოსადგური ჩვენს პრობლემებს საგრძნობლად შეამსუბუქებს, თანაც, 150 მეგავატი ჩვენი ქვეყნისთვის საკმაო სიმძლავრეა. ნახშირის ის მოცულობა, რომელიც ამ სიმძლავრის თბოსადგურს სჭირდება, თავისუფლად შეიძლება იქნას მოპოვებული ტყიბულის მაღაროებში. ახლა ეს რეგიონი ჩამკვდარია, ეკონომიკური მდგომარეობა ტყიბულში სულაც არ არის სახარბიელო, ნახშირის თბოსადგური ამ მხარეს ძალიან გამოაცოცხლებს. ეს კიდევ ერთი მიზეზია, რომ თბოსადგური ტყიბულში გაიხსნას და არა - გარდაბანში. სხვა მხრივ კი, ეს ძალიან საყურადღებო და სასიკეთო გადაწყვეტილებად მიმაჩნია“, - განაცხადა ენერგეტიკის აკადემიის ვიცე-პრეზიდენტმა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას.

ხათუნა ჩიგოგიძე