ქართული ცხვრისთვის ახალი საექსპორტო ბაზარი იხსნება

ამ დღეებში ბაჰრეინში ქართული ცხვრის პირველ პარტიას გაიყვანენ

„ამ დღეებში ბაჰრეინში 1 250 სულ ქართულ ცხვარს გაიყვანენ. ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ საქართველოს მეცხვარეთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ბექა გონაშვილმა აცნობა. რა პრობლემები და სიახლეები ამ დარგში, "ბიზნესპრესნიუსი" ბექა გონაშვილს ესაუბრა.

- „საქსტატის“ ინფორმაციით, 2017 წლის I კვარტლის ბოლოსთვის ცხვრის სულადობა საქართველოში მნიშვნელოვნად შემცირდა. რას უნდა დავაბრალოთ ეს?

- გამიჭირდება ზუსტი ციფრების დასახელება და იმის თქმა, რომ ცხვრის რაოდენობა ქვეყანაში შემცირებულია, თუმცა ვიცი, რომ შარშანდელი სიტუაციის გამო ბევრმა მეცხვარემ ხელი ჩაიქნია. 2016 წელს ცხვრის ფასი საქართველოში ძალიან დაბალი იყო, რამაც ბევრს აუცრუა გული ამ საქმეზე. კიდევ ერთი მიზეზი ალბათ ისიც არის, რომ დოლის დროს მწყემსებს ძალიან ბევრი ბატკანი და დედა ცხვარი დაეხოცათ - ეს საკვების სიმწირის გამო მოხდა. ალბათ, ამ მიზეზებმა იქონია გავლენა ცხვრის სულადობაზე.

- ბატონო ბექა, თუ არის მეცხვარეობაში სიახლეები, რა შეიცვალა ბოლო თვეებში?

- ძალიან კარგი სიახლეა ის, რომ შარშანდელთან შედარებით მყიდველების სიმრავლე შეინიშნება. მათი რაოდენობა გაცილებით მეტია, ვიდრე 2015 და 2016 წლებში იყო. მართალია, იმდენი მყიდველი არ გვყავს, რამდენიც 5-6 წლის წინ გვყავდა, მაგრამ ქართულ ცხვარზე მოთხოვნა აშკარად მომატებულია. სასიამოვნო სიახლეა ისიც, რომ უკვე გაიხსნა ბაჰრეინის ბაზარი. ამ ქვეყანაში ქართული ცხვარი ადრე არასოდეს გასულა. ახლა კი, მე თვითონ ვაგზავნი 1250 სულს. ამ ქვეყანაში შარშან მეცხვარეთა ასოციაციის წარმომადგენლები ვიყავით და ეს საკითხი სწორედ მაშინ გადავწყვიტეთ. მოთხოვნა სხვა ქვეყნებიდანაც არის, რაც იმედს გვისახავს, რომ ქართული ცხვრის ექსპორტი სამომავლოდ მოიმატებს, რასაც ფასის ზრდაც მოჰყვება.

- ძირითადად, რომელი ქვეყნები ინტერესდებიან ქართული ცხვრის ექსპორტით?

- არაბულ სამყაროში ჩვენებური ცხვარი ყოველთვის მოსწონდათ. მათ უფრო ცოცხალი ცხვარი გაჰყავთ, ხოლო დაკლული ცხვრის ექსპორტის მხრივ ირანელები ლიდერობენ. რაც შეეხება ჩვენს მეზობელ აზერბაიჯანს, იქ ცხვრის ფასი ძალიან დაეცა და აზერბაიჯანული ცხვარი უკვე ჩვენთან შემოჰყავთ. ჩვენ ძალიან ვშიშობთ, რომ იგივე სცენარი არ განმეორდეს, რაც ბოლო წლებში სომხური ცხვრის შემთხვევაში გვქონდა: შემოჰყავდათ აქ სომხური ცხვარი და მერე ექსპორტზე გაჰყავდათ, როგორც ქართული. ეს ძალიან სარისკო გზაა, რადგან ამ გზით საქართველოში შეიძლება უამრავი დაავადება შემოვიდეს, მით უმეტეს, რომ სომხეთი, აზერბაიჯანი და რუსეთი ისეთი ქვეყნებია, რომელთა ვეტერინარული კეთილსაიმედოობა ყოველთვის დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა. შეგახსენებთ, რომ სწორედ ავადმყოფი ცხვრის ექსპორტის გამო 2015 წლის სექტემბერში იორდანიამ საზღვარი ჩაგვიკეტა, ხოლო საუდის არაბეთმა დატვირთული გემი უკან მოატრიალა. საეჭვო საქონლის რეექსპორტის გამო ქართული ცხვრის იმიჯი საგრძნობლად დაზარალდა და შეიძლება საბოლოოდ დაზიანდეს. საინტერესოა, რატომ არ ვითვალისწინებთ ამ რისკს? !

- რა შეიძლება სახელმწიფომ დაუპირისპიროს ამ უსიამოვნო მოვლენას?

- პირველ რიგში, ყველა რეგულაცია, რაც კანონით არის დადგენილი, ზედმიწევნით უნდა შესრულდეს. უფრო მეტიც, ასეთი ფაქტების გამო ე.წ. ექსპორტიორებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა უნდა დააკისრონ. სამი თუ ოთხი დღის წინ მოხდა ასეთი შემთხვევა: ამ ადამიანებმა საკარანტინო წესები დაარღვიეს და ადგილობრივი ცხვრის სულადობა რისკის ქვეშ დააყენეს. ვნახოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ შესაბამისი ორგანოები. ძალზე საწყენია, რომ საეჭვო საქონლის რეალიზაციით ამ ხალხს უმტკივნეულოდ და უწვალებლად რჩება ფული მაშინ, როცა ქართველი მეცხვარე 365 დღე შრომობს, ზამთარ-ზაფხულ თავზე აწვიმს, ათოვს და ბოლოს მოგებული მაინც სხვა რჩება.

- ბატონო ბექა, თითქმის ყველა ინტერვიუში ამბობთ, რომ 5-6 წლის წინ მეცხვარეობაში უკეთესი მდგომარეობა იყო, - რატომ?

- იმიტომ, რომ ქვეყანაში უფრო მეტი კლიენტი შემოდიოდა და ქართულ ცხვარზე მოთხოვნაც მეტი იყო. ბოლო სამი წლის განმავლობაში ამ დარგში ძალიან ბევრი დარღვევა და ხარვეზი დაფიქსირდა. არაერთ ბიზნესმენს უსამართლოდ შეუქმნეს პრობლემები. ერთ-ერთი კლიენტის მაგალითს მოვიყვან, რომელიც წლების განმავლობაში თანამშრომლობდა ჩვენს მეცხვარეებთან და ქართული ცხვრის პირველი ექსპორტიორი იყო: ამ კაცს საქართველოდან 400-500 ათასამდე ცხვარი ჰყავს გაყვანილი. ის იმდენად დააზარალეს და ისეთი პრობლემები შეუქმნეს, რომ საქართველოში საერთოდ აღარ ჩამოდის. მე კიდევ ერთხელ ვსვამ კითხვას - სომხური ცხვარი რომ შემოჰყავდათ და როგორც ქართულს ისე ჰყიდდნენ, რატომ არავინ აკონტროლებდა? სიმართლე ის არის, რომ ამ ყველაფერზე ვიღაც-ვიღაცები კერძო ინტერესების და მაქინაციების გამო ხუჭავდნენ თვალს. დასასრულ კი გეტყვით: რაც იყო, იყო. სიტუაცია უკეთესობისკენ მიდის და დიდი იმედი გვაქვს, რომ წელს ქართველ მეცხვარეებს უკეთესი წელი ექნებათ, თუმცა რამდენიმე არასასურველი ფაქტი უკვე დაფიქსირდა... არ გვინდა, წელსაც იგივე განმეორდეს, რაც ამ დარგში წინა წლებში ხდებოდა.

ხათუნა ჩიგოგიძე