საქართველოში ხუთ თვეში ტურისტთა რიცხვი 25%-ით გაიზარდა

ხუთ თვეში საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობა 9.7%-ით, ტურისტთა რიცხვი კი 25%-ით გაიზარდა , - ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ განაცხადა.

როგორც ჩოგოვაძემ აღნიშნა, 2017 წლის იანვარ - მაისის თვის მონაცემებით, საქართველოს 2,329,677 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც 206,736-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. (ზრდა +9.7%)

მისივე თქმით, იანვარ - მაისის თვის მაჩვენებლებით იმ უცხოელი მოგზაურების ანუ ტურისტების რიცხვმა, რომლებმაც 24 საათი და მეტი დაჰყვეს საქართველოში 981,668 შეადგინა, რაც 196,369-ით მეტია 2016 წლის იანვარი - მაისის მაჩვენებელზე (ზრდა +25%).

ჩოგოვაძის განცხადებით, 2017 წლის იანვარ-მაისში ყველაზე მეტი მოგზაური საქართველოს აზერბაიჯანიდან (+5.6%), სომხეთიდან (+13.2%), თურქეთიდან (-17.8%), რუსეთიდან (+22.1%) და ირანიდან (+224%) ეწვია.

,,პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, იანვარ - მაისში გამოირჩეოდნენ: ნიდერლანდები +34%, გერმანია +27%, საფრანგეთი +27%, გაერთიანებული სამეფო +22% და პოლონეთი +21%. განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან: ირანი +224%, უზბეკეთი +192%, ინდოეთი +123%, ისრაელი +55% და ჩინეთი +40%”,- განაცხადა ჩოგოვაძემ.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებით, 2017 წლის მაისის თვის მონაცემებით, საქართველოს 552,958 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც 29,867-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (ზრდა +5.7%).

მისივე თქმით, მაისის თვის მაჩვენებლებით, იმ უცხოელი მოგზაურების ანუ ტურისტების რიცხვმა, რომლებმაც 24 საათი და მეტი დაჰყვეს საქართველოში, 245,403 შეადგინა, რაც 40,282-ით მეტია 2016 წლის მაისის მაჩვენებელზე (ზრდა +19.6%).