ქართული ფურისულა ექსპორტზე გერმანიაში გავიდა

სოფელ ხანდოში მდებარე კოოპერატივი „სომეჯის“ პროდუქტი ექსპორტზე გავიდა.

აღნიშნულის შესახებ, „ბიზნესპრესნიუსს“ სოფლად თემთა განვითარების სააგენტოს დირექტორმა როსტომ გამისონიამ განუცხადა. მისი თქმით, სწორედ აღნიშნული სააგენტოს მხარდაჭერით ჩამოყალიბდა კოოპერატივი გასულ წელს.

როგორც გამისონიამ აღნიშნა, კოოპერატივმა ცოტა ხანია, რაც ფურისულას შეგროვება-გაშრობა დაიწყო. პროდუქციის პირველი პარტია გერმანიაში ექსპორტზე გავიდა.

„კოოპერატივის საქმიანობა ტყის არამერქნული პროდუქტების - კენკრის, ველური მცენარეების, ველური სამედიცინო ბალახების, შეგროვება-გაშრობა-დაფასოება, ხილის ჩირის, ტყლაპის დამზადებაა. ამ პროდუქციის რეალიზაციით ირჩენს თავს იქაური მოსახლეობა. პროდუქციის ნაწილი საშუამავლო კომპანიების დახმარებით, სხვადასხვა ქვეყნებში, ძირითადად გერმანიასა და ჰოლანდიაში გადის ექსპორტზე. მათ შორის წელს დაიწყო კოოპერატივმა სამკურნალო მცენარის ფურისულას მოპოვება, რომლის გარკვეული რაოდენობის რეალიზაცია უკვე მოხდა“, - აღნიშნა გამისონიამ.

როსტომ გამისონიამ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას იმ პრობლემებსა და საფრთხეებზეც ისაუბრა, რომლის წინაშეც არის კოოპერატივი.

„ხანდოს ხეობაში მაღალი ძაბვის ხაზები გაყავთ, რაც უშუალოდ კოოპერატივის თავზე არ გადადის, თუმცა გარკვეული საფრთხე ქვათა ცვენის, ნიაღვრის თუ სხვა სახით არსებობს. კოოპერატივთან ახლოს გაყავთ გზა, რის გამოც წამოსული ქვა, ღორღი შენობის ეზოში შემოვიდა. სახელმწიფოს მხრიდან გვაქვს დაპირება, რომ თუ კოოპერატივს გარკვეული ზიანი მიადგება, ზარალს აანაზღაურებენ. ამ ეტაპზე კოოპერატივი მუშაობას აგრძელებს, მაგრამ იმ შემთხვევაში თუ რაიმე საფრთხე იქნება, იძულებული გავხდებით, სხვა ტერიტორიაზე გადავიტანოთ შენობა. რაც როგორც ტექნიკურ, ისე მატერიალურ პრობლემებთანაა დაკავშირებული“, - განაცხადა გამისონიამ.

„სომეჯი“, რომელშიც 17 ადამიანია გაერთიანებული, ერთადერთი კოოპერატივია, რომელიც ხანდოს ხეობაში მდებარეობს.