მაისში ნავთობპროდუქტების იმპორტი 12,1%-ით შემცირდა

2017 წლის მაისში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა 85,6 ათასი ტონა შეადგინა, რაც 10,4 ათასი ტონით ანუ 12,1%-ით ნაკლებია აპრილის თვის მაჩვენებელზე.

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ცნობით, მიმდინარე წლის პირველი ხუთი თვის განმავლობაში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა 371,7 ათასი ტონა შეადგინა, რაც 42,7 ათასი ტონით ანუ 11,5%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

2017 წლის მაისში ბენზინის საწვავის იმპორტმა 45,2 ათასი ტონა, ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა - 40,4 ათასი ტონა შეადგინა.

2017 წლის მაისში საქართველოში ბენზინის საწვავის იმპორტის მონაცემები ასე გამოიყურება: A-91 რეგულარი მარკის ბენზინი - 36,3 ათასი ტონა ანუ 80,3%; A-95 პრემიუმი მარკის ბენზინი - 8,4 ათასი ტონა ანუ 18,6%, A-98 სუპერი მარკის ბენზინი - 0,5 ათასი ტონა ანუ 1,1%. ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა შეადგინა: 50PPM (ევრო დიზელი) – 39,3 ათასი ტონა ანუ 97,3%, L-62 დიზელის საწვავი - 0,2 ათასი ტონა ანუ 0.5%, DT -0.9 ათასი ტონა ანუ 2,2 %.

ქვეყნების მიხედვით 2017 წლის მაისში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა რუმინეთიდან - 30,5 ათასი ტონა (მთელი იმპორტის 35,6%), თურქმენეთიდან - 19,5 ათასი ტონა (22,8%), ბულგარეთიდან - 13,8 ათასი ტონა (16,1%), რუსეთიდან - 12,9 ათასი ტონა (15,1%), საბერძნეთიდან - 5,2 ათასი ტონა (6,1%), აზერბაიჯანიდან 3,1 ათასი ტონა (3,6%), უკრაინიდან - 0,6 ათასი ტონა (0,7%) და სხვ.

რაც შეეხება სხვა ნავთობპროდუქტების იმპორტის მონაცემებს, მიმდინარე წლის მაისში საქართველოში 9,0 ათასი ტონა სანავთობო ბიტუმის იმპორტი განხორციელდა, რაც 2,2 ათასი ტონით აღემატება აპრილის თვის მაჩვენებელს. აქედან უმეტესი წილი - 94,4 % ირანის ისლამური რესპუბლიკიდან განხორციელდა. 2017 წლის მაისში საქართველოში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა 1,7 ათასი ტონა შეადგინა, რაც 0,4 ათასი ტონით მეტია წინა თვის მაჩვენებელთან შედარებით. მიმდინარე წლის მაისში საქართველოში საავიაციო ნავთის იმპორტმა 5,3 ათასი ტონა შეადგინა, რაც 6,7 ათასი ტონით ნაკლებია აპრილის თვის მაჩვენებელთან შედარებით.