„სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების უცხოელებზე გაყიდვის შეჩერების გადაწყვეტილება ეკონომიკური ცოდნის დეფიციტის შედეგია“

სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე გასხვისებაზე მორატორიუმის გამოცხადებას "ახალი ეკონომიკური სკოლის" პრეზიდენტი პაატა შეშელიძე ეკონომიკური ცოდნის დეფიციტის შედეგად მიიჩნევს.

როგორც შეშელიძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, ხელისუფლება ამ გადაწყვეტილებით უკრძალავს საკუთარ მოსახლეობას, რომ საჭიროების შემთხვევაში მიწა ყველაზე ძვირად დააფასოს.

„სინამდვილეში ასეთი გადაწყვეტილება მოქალაქეთა შეზღუდული რაოდენობისთვის, მდიდარი ქართველებისთვის პრივილეგიის მინიჭებაა. რადგან ყოველთვის ექნებათ შესაძლებლობა ბევრად იაფად იყიდონ მიწა ღარიბი ქართველისგან, ვიდრე სხვა შემთხვევაში იყიდდნენ. თუ უცხოელი მიწას ყიდულობს, ის იურიდიულად მაინც საქართველში რჩება, ზურგით ხო ვერ წაიღებს. ამ გადაწყვეტილებით მივიღებთ, რომ ფასის თავისუფლება შეიზღუდება და თუ მაგალითად სესხის აღება ან დაგირავება მოგვინდება, მიწას, ძვირად შეფასების ნაცვლად იაფად შეგვიფასებენ. გარდა ამისა, დიდი ხანია ურბანული მიწები თავისუფალი ყიდვა-გაყიდვის საგანია, თუმცა, ინვესტორს სანთლით ვეძებთ. რა განასხვავებს სასოფლო დანიშნულების მიწებს - გაგიჟდება ვინმე, იყიდის და არ გამოიყენებს?!,“ – აღნიშნა შეშელიძემ.